
რობოტიკის სტარტაპმა Generalist-მა, 8VC-ის ლიდერობით მოზიდული დამატებითი კაპიტალის შედეგად, 3 მილიარდი დოლარის საბაზრო შეფასებას მიაღწია. მარეგულირებელი დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ დამატებით თითქმის 200 მილიონი დოლარი მოიზიდა, რაც ივნისში დაანონსებული 400-მილიონიანი Series B რაუნდის გაგრძელებაა. შედეგად, რაუნდის ჯამურმა მოცულობამ 600 მილიონი დოლარი შეადგინა.
Generalist 2024 წელს Google DeepMind-ის ყოფილმა მკვლევრებმა, პიტ ფლორენსმა და ენდი ზენგმა, Boston Dynamics-ის ყოფილ ინჟინერ ენდრიუ ბარისთან ერთად დააარსეს. სტარტაპის ადრეული ინვესტორები არიან 8VC, Radical Ventures, Nvidia, Union Square Ventures, Bezos Expeditions და ცნობილი AI მკვლევარი ფეი-ფეი ლი.
კომპანია ავითარებს AI ფუნდამენტურ მოდელს, რომელიც სხვადასხვა ტიპის რობოტებთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი. მათი ახალი მოდელი, Gen 1.5, რობოტებს საშუალებას აძლევს, ახალი დავალებები 3-დან 12 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეო ინსტრუქციების საფუძველზე აითვისონ. ამჟამად სტარტაპი შეზღუდულ რაოდენობის კლიენტებთან თანამშრომლობს, რათა მოდელი კონკრეტული საჭიროებებისთვის დახვეწოს.
Generalist-ი ამ სფეროში მარტო არ არის; კონკურენტებს შორის არიან Physical Intelligence, Skild AI და Genesis AI, რომლებიც ასევე მილიარდობით დოლარის შეფასებით სარგებლობენ. ინვესტორების ეს აქტიურობა მიუთითებს მოლოდინზე, რომ რობოტიკა მალე მიაღწევს თავის „ChatGPT მომენტს“, თუმცა ექსპერტები აფრთხილებენ, რომ რობოტების სწავლება ინტერნეტის მონაცემებით, LLM-ებისგან განსხვავებით, ტექნიკურად გაცილებით რთული პროცესია.
წყარო: techcrunch.com






