
Precursor Ventures-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ჩარლზ ჰადსონი, ათწლეულზე მეტია ადრეული ეტაპის სტარტაპებში ინვესტირებს. მისი თქმით, ბაზარზე არსებული ცვლილებები დამფუძნებლებისგან ახლებურ მიდგომებს მოითხოვს. ჰადსონი გამოყოფს რამდენიმე კრიტიკულ შეცდომას, რომელსაც დამწყები მეწარმეები დაფინანსების მოძიებისას უშვებენ.
მაღალი შეფასება (Valuation) არ არის მთავარი მიზანი
მაღალი შეფასება ყოველთვის არ არის გამართლებული. მიუხედავად იმისა, რომ ის მედიის ყურადღებას იპყრობს, დამფუძნებლებმა რეალისტურად უნდა შეაფასონ მოლოდინები. ჰადსონი აფრთხილებს მეწარმეებს: „დიდი რაოდენობით კაპიტალის მოზიდვა მაღალი შეფასებით ხშირად ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარი კომპანიის ტყვე ხდებით. ინვესტორებს სურთ, რომ შექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მათ მოლოდინებს გაამართლებს“.
ინვესტორების სათანადო შემოწმება (Due Diligence)
დამფუძნებლებმა თავად უნდა ჩაატარონ პოტენციური ინვესტორების შემოწმება. ესაუბრეთ სხვა სტარტაპების დამფუძნებლებს, რომლებმაც უკვე მიიღეს მათგან ინვესტიცია, რათა გაარკვიოთ, რამდენად რეალურია მათი დახმარება რეკრუტირების, GTM სტრატეგიისა და კავშირების კუთხით.
არის თუ არა Venture Capital თქვენი ბიზნესისთვის?
ყველა წარმატებული ბიზნესი არ არის „Venture-scale“. ვენჩურული კაპიტალი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ თქვენი კომპანია მასშტაბური ზრდის პოტენციალს ფლობს. ჰადსონი ხაზს უსვამს, რომ დამფუძნებლებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა: „მზად ვარ თუ არა ავაშენო ისეთი ტიპის ბიზნესი, რასაც ვენჩურული კაპიტალი მოითხოვს?“
თანამედროვე რეალობის გააზრება
დღეს ინვესტორები სტარტაპებს არა მხოლოდ წინა წლის შედეგებს, არამედ ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ AI კომპანიებს ადარებენ. ბაზარი ითხოვს არა უბრალოდ ზრდას, არამედ ექსპონენციალურ შედეგებს. ის, რაც ადრე „კარგ“ შედეგად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა „საკმარისად“ აღარ ჩაითვალოს.
წყარო: techcrunch.com






