
ნიდერლანდების ვაჭრობის მინისტრი სჟორდ სჟორდსმა ვაშინგტონს ეწვია, სადაც კომერციის მდივან ჰოვარდ ლატნიკთან და კონგრესის წევრებთან შეხვედრები გამართა. ვიზიტის მთავარი მიზანი MATCH Act-ის წინააღმდეგ გამოსვლაა — კანონპროექტი, რომელიც ჩინურ ჩიპების მწარმოებლებს დასავლური ნახევარგამტარული აღჭურვილობის წვდომას უზღუდავს. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მძიმე დარტყმას მიაყენებს კომპანია ASML-ს.
ნიდერლანდებში დაფუძნებული ASML ევროპის ყველაზე ღირებული კომპანიაა და მსოფლიოში ერთადერთი მწარმოებელი, რომელიც უახლესი AI ჩიპების შესაქმნელად საჭირო რთულ ლითოგრაფიულ დანადგარებს ქმნის.
„არაორდინალურია, რომ კონგრესთან ჩვენი შეშფოთების ფართოდ გასაჟღერებლად პირადად ჩამოვედი“, — განაცხადა სჟორდსმამ შეხვედრების შემდეგ. „ნიდერლანდებისთვის ფსონები ძალიან მაღალია“.
ჩინეთი ASML-ის წმინდა გაყიდვების 19%-ს შეადგენს. MATCH Act-ი არსებულ შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს და აკრძალვას ავრცელებს არა მხოლოდ ყველაზე მოწინავე EUV (უკიდურესი ულტრაიისფერი) ტექნოლოგიებზე, არამედ DUV (ღრმა ულტრაიისფერი) დანადგარებზეც.
როგორც ASML-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტოფ ფუკემ აღნიშნა, ჩინეთს ამჟამად მხოლოდ ძველი თაობის DUV დანადგარების შეძენა შეუძლია, რომლებიც ათი წლის წინანდელ ტექნოლოგიას წარმოადგენს. სწორედ ამ მოწყობილობების აკრძალვას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი.
აპრილში წარდგენილ კანონპროექტს ჯერჯერობით არც წარმომადგენელთა პალატაში და არც სენატში კენჭი არ უყრია; ექსპერტების აზრით, მისი მიღება შესაძლოა მხოლოდ უფრო მასშტაბურ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად გახდეს შესაძლებელი.
წყარო: techcrunch.com






