Zipline-მა დრონებით მიტანის სერვისის გაფართოებისთვის დამატებით $200 მილიონი მოიზიდა

ამერიკულმა ავტონომიური დრონებით მიტანისა და ლოგისტიკის startup-მა, Zipline-მა, დამატებით 200 მილიონი დოლარი მოიზიდა, რაც იანვარში გამოცხადებულ დაფინანსების რაუნდს ემატება.

„პროცესები იმაზე ცოტა უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და CEO-მ, კელერ კლიფტონმა.

დამატებითმა სახსრებმა, რომელშიც კრიპტო საინვესტიციო ფირმა Paradigm-მაც მიიღო მონაწილეობა, Zipline-ის Series H რაუნდი 800 მილიონ დოლარამდე გაზარდა. საწყის ეტაპზე ინვესტიციები განახორციელეს ფონდებმა: Fidelity Management & Research Company, Baillie Gifford, Valor Equity Partners და Tiger Global. შედეგად, startup-ის შეფასებამ 7.6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2014 წელს დაფუძნებულმა Zipline-მა შექმნა დრონებით მიტანის ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საფრენ აპარატებს, გაშვებისა და დაფრენის სისტემებსა და ლოგისტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას. კომპანიამ საქმიანობა აფრიკაში დაიწყო, სადაც რუანდაში სისხლის მარაგების მისაწოდებლად ავტონომიურ დრონებს იყენებდა. დღეს ის აფრიკის ხუთ ქვეყანაში, აშშ-ის რამდენიმე ქალაქსა და იაპონიაში საკვების, საცალო, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის პროდუქტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ახალი ინვესტიცია მიზნად ისახავს Zipline-ის გაფართოებას აშშ-ის მასშტაბით. კომპანიამ ახალ ბაზრებად ჰიუსტონი, ფენიქსი და სიეტლი დაასახელა. კლიფტონის თქმით, მიტანის მოცულობის ზრდამ პროგნოზებს გადააჭარბა, რადგან მომხმარებლები სერვისს დღეში რამდენჯერმე იყენებენ და უფრო დიდი მოცულობის შეკვეთებს აკეთებენ.

Zipline-ის Platform 2 დრონები გათვლილია 3.6 კგ-მდე ტვირთზე და 10 მილის რადიუსში მოქმედებს, ხოლო უფრო დიდი, Platform 1 დრონები გრძელ დისტანციებზე გამოიყენება და 120-მილიან მანძილს ფარავს. პარალელურად, კომპანია განაგრძობს გლობალურ გაფართოებას და რუანდაში ახალი ეროვნული მასშტაბის კონტრაქტი გააფორმა, სადაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სადისტრიბუციო ცენტრების დამატებას გეგმავს.

წყარო: techcrunch.com