
ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის ორგანომ Uber-ს 825 მილიონი ევროს (დაახლოებით 966 მილიონი დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ეს არის ევროპის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) ფარგლებში დაკისრებული სიდიდით მეორე ჯარიმა.
რეგულატორის გამოძიება ეფუძნებოდა მძღოლების საჩივრებს, რომელთა თანახმად, Uber-ი მათ ანგარიშებს ავტომატური პროცესების მეშვეობით, წინასწარი გაფრთხილებისა და ადამიანური ზედამხედველობის გარეშე ბლოკავდა. ნიდერლანდების მარეგულირებლის თავმჯდომარის მოადგილის, მონიკ ვერდიეს განცხადებით, კომპანიამ სერიოზული დარღვევები დაუშვა: „კომპიუტერმა დამოუკიდებლად არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასეთი მძიმე შედეგები მოჰყვება“.
Uber-ი ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მძღოლების დაბლოკვა უმეტესწილად დროებითია, ხოლო მუდმივი დეაქტივაცია ადამიანური გადამოწმების გარეშე არ ხდება. თუმცა, მარეგულირებელი საპირისპიროს ამტკიცებს.
საქმე საინტერესოა იმითაც, რომ ის დაიწყო ფრანგი მძღოლის, ბრაჰიმ ბენ ალის ინიციატივით, რომელმაც 170-ზე მეტი მძღოლის ჩვენება შეაგროვა და საქმე ნიდერლანდებში, Uber-ის ევროპულ შტაბ-ბინაში გაასაჩივრა. ამ პროცესში მათ დახმარება გაუწია ციფრული უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ PersonalData.io. ორგანიზაციის დამფუძნებელი პოლ-ოლივიე დეჰე აცხადებს, რომ ეს ჯარიმა Uber-ისთვის უკვე მესამეა და მძღოლები ახლა კოლექტიური სარჩელის მომზადებას გეგმავენ კომპენსაციის მისაღებად.
კამათი იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი ალგორითმულ მართვასა და ადამიანურ პასუხისმგებლობას შორის, კვლავ აქტუალური რჩება. დეჰეს თქმით, Uber-ს შეუძლია გამოიყენოს ტექნოლოგიები, თუმცა მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე, როგორც დამსაქმებელმა და არა როგორც უბრალო პლატფორმამ.
წყარო: techcrunch.com






