Sila-მ პენტაგონისგან 1.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება მიიღო

ამერიკულმა სტარტაპმა Sila-მ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. აღნიშნული ინვესტიცია კომპანიას სილიციუმ-ნახშირბადის ბატარეების მასალის წარმოების გაფართოებაში დაეხმარება.

გადაწყვეტილება იმ ფონზე იქნა მიღებული, როდესაც აშშ-ის ბაზარზე, ავტომწარმოებლებიდან დაწყებული თავდაცვის კონტრაქტორებით დამთავრებული, ჩინეთისგან დამოუკიდებელი ბატარეების მიწოდების ჯაჭვის შექმნის მწვავე საჭიროება დგას. დღეისთვის ლითიუმ-იონური ბატარეების ანოდებში ძირითადად გრაფიტი გამოიყენება, რომლის ბაზარსაც ჩინური კომპანიები აკონტროლებენ.

Sila-ს ტექნოლოგია, რომელიც სილიციუმის ანოდებს ეფუძნება, გრაფიტთან შედარებით 20%-დან 40%-მდე მეტი ელექტროენერგიის შენახვის საშუალებას იძლევა. ეს გაუმჯობესება გადამწყვეტია როგორც ელექტრომობილებისთვის, ისე დრონებისა და სხვა სამხედრო ტექნოლოგიებისთვის, სადაც ბატარეის სიმსუბუქე და ხანგრძლივობა პრიორიტეტულია.

კომპანიის ქარხანა ვაშინგტონის შტატში, მოსეს ლეიკში მდებარეობს და ის ერთ-ერთი იშვიათი ობიექტია, რომელიც გეოპოლიტიკური რისკებისა და ტარიფებისგან დაცულია. ამჟამად ქარხნის წლიური წარმადობა 2 გიგავატ-საათს შეადგენს, თუმცა Sila გეგმავს სიმძლავრეების ხუთჯერ გაზრდას, რაც 100 000-ზე მეტი ელექტრომობილისთვის საჭირო მასალის წარმოების საშუალებას მისცემს.

პენტაგონის გარდა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაფინანსება გამოუყო კიდევ სამ კომპანიას: Sunrise Energy Metals-ს (სკანდიუმის მოპოვება), Niron Magnetics-ს (იშვიათი მიწების გარეშე დამზადებული მაგნიტები) და Strategic Bauxite-ს (ალუმინის შემცველი მინერალების მოპოვება).

წყარო: techcrunch.com