Oratomic-მა 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა კვანტური კომპიუტერის შესაქმნელად

ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად ცდილობენ შექმნან პირველი კომერციულად გამართული კვანტური კომპიუტერი, რომელიც არსებულ სისტემებს მნიშვნელოვნად აჯობებს. ამ მიზნით, სტარტაპმა Oratomic-მა, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წლის დასაწყისში გამოჩნდა, 300 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. Series A რაუნდს სათავეში ჩაუდგნენ ARCH Venture Partners, Spark Capital და Khosla Ventures, რომლებსაც შეუერთდნენ Bezos Expeditions, Index Ventures და სხვა მსხვილი ინვესტორები.

Caltech-ის ფიზიკოსების მიერ დაფუძნებული Oratomic-ი კვანტური კომპიუტერის ბაზისად ატომების დასაფიქსირებლად ლაზერულ ტექნოლოგიას იყენებს. სტარტაპის მთავარი ინოვაცია შეცდომების კორექციის მეთოდშია, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაცილებით ნაკლები ქუბიტით მიაღწიონ შედეგს, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული. კომპანიის თანადამფუძნებლისა და CEO-ს, დოლევ ბლუვშტეინის თქმით, მათ უკვე ექსპერიმენტულად დაამტკიცეს საჭირო კომპონენტების ეფექტურობა.

სხვა კვანტური სტარტაპებისგან განსხვავებით, Oratomic-ი არ გეგმავს შუალედური, ე.წ. NISQ სისტემების გაყიდვას. მათი მიზანია შექმნან სრულფასოვანი, შეცდომების მიმართ მდგრადი კვანტური კომპიუტერი, რომლისთვისაც დაახლოებით 10 000-დან 20 000-მდე ქუბიტი იქნება საკმარისი. ასეთი სიმძლავრის სისტემას შეუძლია რევოლუციური გარღვევა მოახდინოს ბიოტექნოლოგიის, ქიმიის, ლოჯისტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოგრაფიის სფეროებში.

ინვესტორი ვინოდ ხოსლა იმდენად დარწმუნებულია Oratomic-ის წარმატებაში, რომ ეს ინვესტიცია საკუთარი ფონდის ისტორიაში ყველაზე მსხვილ საწყის დაბანდებად შეაფასა.

წყარო: techcrunch.com