AI სტარტაპმა Instinct-მა 2.5 მილიარდი დოლარის შეფასებით 350 მილიონი დოლარი მოიზიდა

სტარტაპმა Instinct-მა, რომელიც გასულ წელს დაარსდა და რომელსაც 23 წლის მეწარმე ხელმძღვანელობს, ზაფხულის განმავლობაში AI ტექნოლოგიების მიმართ არსებული მაღალი ინტერესის ფონზე, კაპიტალიზაციის შთამბეჭდავ მაჩვენებელს მიაღწია.

კომპანიამ, რომელიც მომხმარებლებს AI ასისტენტს სთავაზობს, Wall Street Journal-თან საუბარში დაადასტურა, რომ B სერიის რაუნდში 250 მილიონი დოლარი მოიზიდა. ამ ინვესტიციით კომპანიის ჯამურმა დაფინანსებამ 350 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საბაზრო შეფასებამ 2.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაუნდს სათავეში Index Ventures და Benchmark ჩაუდგნენ.

Spear Street Technology-ის მიერ შექმნილი და Noah Shinn-ის ხელმძღვანელობით მოქმედი Instinct წარმოადგენს აგენტს, რომელიც, კომპანიის განცხადებით, მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებას ოპტიმიზაციას უკეთებს. მომხმარებლებს შეუძლიათ აპლიკაცია დააკავშირონ საკუთარ მოწყობილობებთან და მასთან კომუნიკაცია ტექსტური შეტყობინებებით ან ზარებით განახორციელონ.

Noah Shinn-ის თქმით, მომხმარებლები Instinct-ს უკვე იყენებენ მოგზაურობის დაგეგმვის, პროდუქტების შეძენის, გამოწერების გაუქმებისა და ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების ორგანიზებისთვისაც კი, როგორიცაა ქორწილი.

მიუხედავად წარმატებისა, Instinct-ი, რომელიც ამჟამად დახურულ ბეტა რეჟიმშია, კრიტიკის ქარცეცხლშიც მოექცა. მომხმარებლები შეშფოთებას გამოთქვამენ აპლიკაციის მიერ მოთხოვნილი წვდომების მასშტაბისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო, რაც, მათი აზრით, პოტენციურად ინვაზიურია.

წყარო: techcrunch.com