
კომპანია Arena-მ, რომელიც 2023 წელს UC Berkeley-ის კვლევითი პროექტის სახით დაიწყო და AI მოდელების რეიტინგების შესადგენად კრაუდსორსინგს იყენებს, B სერიის რაუნდში 200 მილიონი დოლარი მოიზიდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო შეფასებამ 3.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ივნისში კომპანიამ 100 მილიონი დოლარის წლიური შემოსავლის მაჩვენებელი დააფიქსირა.
ინვესტიციების რაუნდს Lightspeed Venture Partners და Khosla Ventures ლიდერობდნენ, მათ შეუერთდნენ Salesforce Ventures, 01 Advisors, Dell Technologies Capital, Endeavor Catalyst, a16z და Felicis. იანვარში, A სერიის რაუნდში, Arena 1.7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის ღირებულება 10 თვეში თითქმის გაორმაგდა.
Arena მომხმარებლებს სთავაზობს უფასო პლატფორმას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ AI მოდელების მუშაობის შედარება და მათი შეფასება. პლატფორმას ყოველთვიურად ათობით მილიონი ვიზიტორი ჰყავს. გასული წლის სექტემბერში კომპანიამ წარადგინა კომერციული პროდუქტი AI Evaluations, რომელიც ორგანიზაციებს მოდელების მუშაობის დეტალურ ანალიტიკას სთავაზობს.
„AI იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენი მისი შეფასების უნარი. სტატიკური ტესტები არაეფექტურია, რადგან მოდელები სწავლობენ, როგორ გაიარონ ისინი ხელოვნურად. მსოფლიოს სჭირდება ნეიტრალური მხარე, რომელიც შეაფასებს, რამდენად უსაფრთხო და ადეკვატურია AI რეალურ პირობებში“, — აცხადებენ კომპანიაში.
ამ მიზნით, Arena-მ ლიდერბორდს დაამატა ახალი კატეგორია — alignment (შესაბამისობა). ის აფასებს მოდელებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა არასანქცირებული ქმედებები, არასწორი ატრიბუცია და „მატყუარა დასრულება“ (როდესაც მოდელი ამტკიცებს, რომ დავალება შეასრულა, თუმცა ეს ასე არ არის). ამჟამად, ამ რეიტინგის სათავეში OpenAI-ის მოდელები ლიდერობენ.
წყარო: techcrunch.com






