
ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზაციაზე ორიენტირებულმა პლატფორმა Thatch-მა 108 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაუნდში მონაწილეობა მიიღეს არსებულმა ინვესტორებმა: The General Partnership, Index Ventures, General Catalyst და Andreessen Horowitz.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის შეფასება 17 თვის წინ 410 მილიონ დოლარს შეადგენდა. Thatch-ის თანადამფუძნებლისა და CEO-ს, კრის ელისის განცხადებით, კომპანიის წლიურმა განმეორებადმა შემოსავალმა (ARR) შვიდჯერ მოიმატა. სტარტაპი 2021 წელს Stripe-ის ყოფილმა ინჟინერმა ადამ სტივენსონთან ერთად დაარსდა.
ზრდის მთავარი მამოძრავებელი ორი ფაქტორია: ჯანდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა და თანამშრომლების მოთხოვნა ისეთ თანამედროვე მედიკამენტებზე, როგორიცაა GLP-1 (მაგალითად, Ozempic და Wegovy), რომლებსაც ტრადიციული სადაზღვევო გეგმები ხშირად არ ფარავს.
Thatch იყენებს ICHRA (Individual Coverage Health Reimbursement Arrangement) მოდელს, რომელიც დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, ტრადიციული კორპორატიული დაზღვევის ნაცვლად, თანამშრომლებს ჯანდაცვისთვის ფიქსირებული ბიუჯეტი გამოუყონ. პლატფორმა AI-ის დახმარებით თითოეულ თანამშრომელს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო გეგმას სთავაზობს. დარჩენილი თანხის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამედიცინო ხარჯებისთვის, მათ შორის GLP-1 პრეპარატებისთვის ან ჯანმრთელობის მონიტორინგის მოწყობილობებისთვის.
ელისის თქმით, ეს მოდელი ორივე მხარისთვის მომგებიანია: დამსაქმებლები თავისუფლდებიან სადაზღვევო კომპანიებთან რთული მოლაპარაკებებისგან, ხოლო თანამშრომლები იღებენ არჩევანის თავისუფლებას და უკეთეს სერვისს.
წყარო: techcrunch.com






