
საფრანგეთი Microsoft Windows-ზე უარის თქმას გეგმავს. მთავრობის განცხადებით, ზოგიერთი სახელმწიფო კომპიუტერი, რომელიც ამჟამად Windows-ს იყენებს, ღია კოდის (open source) მქონე ოპერაციულ სისტემა Linux-ზე გადავა, რათა აშშ-ის ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს.
Linux არის ღია კოდის მქონე უფასო ოპერაციული სისტემა, რომელსაც სხვადასხვა სპეციფიკური მიზნებისთვის მორგებული ვერსიები (distributions) გააჩნია.
საფრანგეთის მინისტრმა, დავიდ ამიელმა (David Amiel) აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი "ჩვენი ციფრული ბედის კონტროლის დაბრუნებაა". მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობისთვის მიუღებელია საკუთარ მონაცემებსა და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე სრული კონტროლის არქონა.
ოპერაციულ სისტემაზე გადასვლის კონკრეტული ვადები ჯერჯერობით უცნობია. პროცესი საფრანგეთის სამთავრობო ციფრული სააგენტოდან, DINUM-იდან დაიწყება. Microsoft-ს აღნიშნულ სიახლეზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ციფრული სუვერენიტეტისკენ სწრაფვა
ეს არის საფრანგეთის მორიგი მცდელობა, უზრუნველყოს ციფრული სუვერენიტეტი და გამოიყენოს ლოკალური ტექნოლოგიები და cloud სერვისები აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მზარდი არასტაბილურობის ფონზე. ევროპის მასშტაბით ლიდერები სულ უფრო ნათლად აცნობიერებენ ამერიკულ ტექნოლოგიებზე ზედმეტი დამოკიდებულების საფრთხეს. იანვარში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უცხოურ პროვაიდერებზე დამოკიდებულების შემცირების ინიციატივას.
Windows-ზე უარის თქმის გადაწყვეტილება მოჰყვა მთავრობის კიდევ ერთ ნაბიჯს: Microsoft Teams-ის ფრანგული Visio-თი ჩანაცვლებას, რომელიც ღია კოდის მქონე Jitsi პლატფორმას ეფუძნება. გარდა ამისა, წლის ბოლომდე იგეგმება ჯანდაცვის მონაცემთა პლატფორმის ახალ, ადგილობრივად კონტროლირებად სისტემაზე გადატანა.
წყარო: techcrunch.com







