
ვაშინგტონის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ Anthropic-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რითაც ძალაში დატოვა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება, კომპანია მიწოდების ჯაჭვის რისკად გამოეცხადებინა. მოსამართლეთა უმრავლესობამ დაადგინა, რომ პენტაგონს ჰქონდა საკმარისი საფუძველი Claude-ის ინტეგრაციის შეზღუდვისთვის, რადგან მოდელის შეზღუდვები, რომელსაც თავად Anthropic აწესებს, ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ქმნის.
კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა Anthropic-ის უარი, გამოიყენოს Claude ავტონომიურ იარაღსა და შიდა მეთვალყურეობაში, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ შეაფასა. შედეგად, პენტაგონმა მოითხოვა Claude-ის მოდელების ამოღება სამხედრო და სამთავრობო სისტემებიდან.
Anthropic-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანია პოზიციას არ თმობს და შესაძლოა საქმე აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. მიუხედავად იმისა, რომ სან-ფრანცისკოს სასამართლომ მსგავსი ბრალდების ნაწილი გააუქმა, ვაშინგტონის გადაწყვეტილება პენტაგონს საშუალებას აძლევს, Anthropic-ის ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარი განაგრძოს.
ამჟამად პენტაგონი ალტერნატივებს ეძებს, მათ შორის SpaceX-ის Grok-ს, Google-ის Gemini-სა და OpenAI-ის GPT მოდელებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომლები სამხედრო კონტრაქტებს ეთიკური მოსაზრებებით აპროტესტებენ, კორპორაციები აგრძელებენ თანამშრომლობას აშშ-ის მთავრობასთან. Anthropic-ისთვის ეს დავა ფინანსური გამოწვევაა, თუმცა კომპანია კვლავ გეგმავს IPO-ს განხორციელებას მიმდინარე წლის ბოლოს.
წყარო: wired.com






