
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ DualShot Recorder-ი ერთ ღამეში სენსაციად იქცა. გამოსვლიდან სულ რაღაც 12 საათში მან App Store-ის ფასიანი აპლიკაციების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ეს მოულოდნელი წარმატება იყო, თუმცა კიდევ უფრო გასაოცარი აპლიკაციის შექმნის ისტორიაა.
Derrick Downey Jr.-მა კარიერა იმ მოკლე ვიდეოებით აიწყო, სადაც ლოს-ანჯელესში, თავის ეზოში მოსულ ციყვებთან ურთიერთობას ასახავდა. მის Instagram და TikTok ანგარიშებს მილიონობით გამომწერი ჰყავს, რომლებიც კარგად იცნობენ მის სტუმრებს: Maxine, Richard და Hoodrat Raymond. დაუნი მათ კვებავს და სპეციალურ თავშესაფრებს უშენებს.
როდესაც მან YouTube-ისთვის სერიების შექმნა გადაწყვიტა, წააწყდა პრობლემას: სურდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური კადრების ერთდროულად გადაღება. სხვა კრეატორები ამას ორი ტელეფონით, სპეციალური აღჭურვილობით ან პოსტპროდაქშენში კადრის მოჭრით აგვარებენ, რაც დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, ვიდეოს მოჭრისას იკარგება რეზოლუცია და კადრის ხარისხი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დაუნიმ აპლიკაციის შექმნა გადაწყვიტა. ის არ არის პროგრამისტი, ამიტომ კოდის დასაწერად თავდაპირველად ChatGPT გამოიყენა. მან შეისწავლა iPhone-ის კამერის შესაძლებლობები — Apple-ის კამერის API დეველოპერებს სრული სენსორის გამოყენების საშუალებას აძლევს. სწორედ ეს ფუნქცია გამოიყენა მან, რათა აპლიკაციას ორივე ფორმატის ვიდეო შეენახა რეზოლუციის დაკარგვის გარეშე. 3-4 თვიანი მუშაობისა და ინტენსიური prompt engineering-ის შემდეგ, მას უკვე მუშა აპლიკაცია ჰქონდა.
პროექტი ChatGPT-ით დაიწყო, სცადა Google-ის Antigravity-იც, თუმცა აღნიშნავს, რომ სწორედ Claude-ის დახმარებით შეძლო მიზნის მიღწევა. „მე მესმის პროდუქტი, რომელსაც ვქმნი და ყოფილა მომენტები, როცა ხელოვნური ინტელექტის პასუხი არაზუსტი იყო. გიწევს მიღებული მონაცემების მუდმივი გადამოწმება,“ - ამბობს ის.
მზა აპლიკაცია App Store-ზე განათავსა და ის მალევე #1 ფასიანი აპი გახდა. ამჟამად მისი ფასი $9.99-ია. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას არ აქვს subscription მოდელი, არ აგროვებს მომხმარებლის მონაცემებს და ვიდეოები სრულად თქვენს მოწყობილობაში ინახება.
დაუნისთვის ეს პროცესი დიდი ტექნოლოგიური და ბიზნეს გამოწვევა აღმოჩნდა. მიუხედავად წარმატებისა, ერთი რამ უცვლელი რჩება — ის კვლავ აგრძელებს საყვარელ ციყვებზე ზრუნვას, რომლებიც ერთ დროს მას მენტალური პრობლემების დაძლევაში დაეხმარნენ.
წყარო: theverge.com







