
მიტანის სერვისების პლატფორმა DoorDash-ი მარკ ლორის კუთვნილ კვების ტექნოლოგიების კომპანია Wonder-ში 425 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარიგების ფარგლებში, DoorDash-ი 300 მილიონ დოლარად შეიძენს Wonder-ის Grubhub Campus Dining-ის ბიზნესს, ხოლო დამატებით 125 მილიონ დოლარს Wonder-ის მიმდინარე, 650-მილიონიან Series D რაუნდში ჩადებს.
Wonder, რომელიც ე.წ. „ghost kitchen“ კონცეფციაზეა დაფუძნებული, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთიანი პლატფორმიდან სხვადასხვა რესტორნის კერძები შეუკვეთოს. კომპანიის დამფუძნებელი მარკ ლორე, რომლის წინა სტარტაპები Amazon-მა და Walmart-მა შეიძინეს, მიზნად ისახავს სრულად ავტონომიური კვების სისტემის შექმნას, რომელიც პერსონალიზებულ კერძებს მასშტაბურად დაგეგმავს, დაამზადებს და მიაწვდის მომხმარებელს.
გასულ წელს Wonder-მა 650 მილიონ დოლარად შეიძინა Grubhub-ი, რითაც თავის პორტფოლიოს Blue Apron და Tastemade შემატა. კომპანია სწრაფად იზრდება: 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე Wonder-ის ლოკაციების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა და ამჟამად 157 წერტილს მოიცავს. 2027 წლის დასაწყისისთვის კომპანია ტეხასის შტატში გაფართოებას გეგმავს.
DoorDash-ის თანადამფუძნებლის, ტონი სუს განცხადებით, Grubhub Campus Dining-ის შეძენა მათ საშუალებას მისცემს, სერვისი არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, არამედ სტადიონებსა და სასტუმროებშიც დანერგონ, რაც სტუდენტებისთვის და მომხმარებლებისთვის არჩევანსა და კომფორტს გაზრდის.
წყარო: techcrunch.com






