
გასულ თვეში იურიდიული AI სტარტაპის, Spellbook-ის თანადამფუძნებელმა და CEO-მ, სკოტ სტივენსონმა, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამხილა ის, რასაც მან ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებში არსებული „გიგანტური თაღლითობა“ უწოდა: საჯაროდ გამოცხადებული შემოსავლების მაჩვენებლების ხელოვნური გაბერვა.
„ბევრი AI სტარტაპი რეკორდულ შემოსავლებს მხოლოდ იმიტომ აჩვენებს, რომ ისინი არაკეთილსინდისიერ მეტრიკას იყენებენ. მსოფლიოს უმსხვილესი ფონდები მხარს უჭერენ ამას და მედიას შეცდომაში შეჰყავთ PR გაშუქებისთვის,“ - წერს სტივენსონი. საუბარია წლიური განმეორებადი შემოსავლის (ARR) მანიპულირებაზე, რაც ისტორიულად აქტიური მომხმარებლებისგან მიღებულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემოსავალს ასახავდა.
სტარტაპები ხშირად ARR-ის ნაცვლად წარადგენენ CARR-ს (Contracted/Committed ARR — სახელშეკრულებო ARR). ეს უკანასკნელი მოიცავს იმ მომხმარებლებისგან დაგეგმილ შემოსავალსაც, რომლებსაც პროდუქტის გამოყენება ჯერ არც კი დაუწყიათ. ზოგიერთ შემთხვევაში CARR რეალურ ARR-ზე 70%-ით მეტია, თუმცა ამ შემოსავლის ნაწილი, შესაძლოა, საერთოდ ვერ განხორციელდეს, თუ კლიენტმა სატესტო პერიოდში ხელშეკრულება გააუქმა.
TechCrunch-თან საუბარში რამდენიმე ინვესტორმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა მაღალი პროფილის ენტერპრაიზ სტარტაპმა საჯაროდ განაცხადა, რომ $100 მილიონიან ARR-ს გადააჭარბა, მაშინ როდესაც ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოდიოდა ამჟამინდელი გადამხდელი კლიენტებისგან. დანარჩენი კი გაფორმებული, მაგრამ ჯერ კიდევ დაუწყებელი კონტრაქტები იყო.
კიდევ ერთი პრობლემაა სხვა მეტრიკის — „annualized run-rate revenue“-ის გამოყენება იმავე ARR აკრონიმით. ეს მაჩვენებელი მიმდინარე თვის ან კვარტლის შემოსავალს უბრალოდ 12-ზე ამრავლებს. ვინაიდან ბევრი AI კომპანია მომხმარებელს საფასურს გამოყენების მიხედვით (usage-based) ართმევს, ეს გათვლა არასაიმედოა, რადგან შემოსავალი აღარ არის გარანტირებული გრძელვადიანი კონტრაქტებით.
AI ბუმის ეპოქაში სტარტაპებისგან არარეალურად სწრაფ ზრდას ელიან. „1-დან 3, შემდეგ 9 და 27 მილიონამდე ზრდა აღარავის აინტერესებს. ახლა ზრდა უნდა იყოს 1-დან 20 და შემდეგ 100 მილიონამდე,“ — აცხადებენ ინდუსტრიაში. სწორედ ეს წნეხი აიძულებს VC-ებს, თვალი დახუჭონ ციფრების გაზვიადებაზე, რადგან ეს მათ პორტფელურ კომპანიებს ბაზრის ლიდერებად წარმოაჩენს, რაც საუკეთესო ტალანტებისა და კლიენტების მოზიდვას უწყობს ხელს.
თუმცა, ზოგიერთი დამფუძნებელი თავს არიდებს ამ პრაქტიკას. მათი აზრით, მოკლევადიანი PR ეფექტისთვის ციფრების გაბერვა ჰიგიენის ნორმების დარღვევაა და ბაზრის კორექტირების ფაზაში კომპანიებს მძიმედ შემოუტრიალდებათ.
წყარო: techcrunch.com







