
დღეს დიდი ბრიტანეთის AI სტარტაპების მთავარი მიზანი ლონდონის უბანში, King’s Cross-ში ოფისის მოპოვებაა. ეს ტერიტორია იმდენად პოპულარულია, რომ ვენჩურული კაპიტალის ფირმები ხშირად დამფუძნებლებს ოფისის ფართის მოძიებაში დახმარებასაც კი ჰპირდებიან, რათა მათთან თანამშრომლობაზე დაითანხმონ.
უბნის ტრანსფორმაცია 2016 წელს დაიწყო, როდესაც Google-ის მიერ შეძენილმა DeepMind-მა აქ დაიდო ბინა. მას შემდეგ King’s Cross-ი იქცა გლობალურ AI-ჰაბად, რომელიც კონკურენციას უწევს სან-ფრანცისკოსა და პეკინს. დღეს აქ განთავსებულია ისეთი გიგანტები, როგორებიცაა OpenAI, Meta, Anthropic და Synthesia. საინტერესოა, რომ 20 წლის წინ ეს ადგილი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და კრიმინალურ უბნად ითვლებოდა.
დღეს King’s Cross-ში ოფისების ვაკანსია 1%-ზე ნაკლებია, ხოლო მოთხოვნა მიწოდებას საგრძნობლად აღემატება. ექსპერტების აზრით, ლონდონის AI-ეკოსისტემის მთავარი გამოწვევა სუვერენიტეტია. ინვესტორები აღნიშნავენ, რომ ევროპამ არ უნდა იქირაოს AI-შესაძლებლობები, არამედ თავად უნდა შექმნას საკუთარი ინფრასტრუქტურა და გამოთვლითი სიმძლავრეები.
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში ნიჭიერი კადრებისთვის ბრძოლა გამძაფრდა და ხელფასებიც რეკორდულად გაიზარდა, დამფუძნებლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. Wayve-ის დამფუძნებელი ალექს კენდალი აღნიშნავს, რომ ათი წლის წინ ლონდონში AI-კომპანიის დაარსება უჩვეულო არჩევანი იყო, დღეს კი ეს ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილებაა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, King’s Cross-ი არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, არამედ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივი გახდება.
წყარო: techcrunch.com






