როგორ გამოვიყენოთ Google-ის ახალი AI აგენტები სტანდარტული ძიების მიღმა

Google I/O 2026-ის პრეზენტაციაზე ტექნოლოგიურმა გიგანტმა Search-ში ახალი სააგენტო (agentic) შესაძლებლობები წარადგინა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შექმნან, საკუთარ საჭიროებებს მოარგონ და მართონ მრავალი AI აგენტი, რათა მუდმივად მიიღონ განახლებული ინფორმაცია სასურველ თემებზე. ეს სიახლე Google-ის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი AI სისტემების შექმნას, რომლებიც ინიციატივას იღებენ და მიმდინარე ამოცანების შესრულებაში გვეხმარებიან, ნაცვლად თითოეულ კითხვაზე ცალკეული პასუხის გაცემისა.

ტრადიციული საძიებო ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მოთხოვნის (prompt) შემდეგ რეაგირებენ, Google-ის ინფორმაციული აგენტები შექმნილია უწყვეტ რეჟიმში, 24/7-ზე ფონურად სამუშაოდ. ისინი გეხმარებიან იყოთ ინფორმირებული ისე, რომ არ დაგჭირდეთ ყოველდღიურად ერთი და იმავე ინფორმაციის ხელით მოძიება.

ლინკების ჩვეულებრივი ჩამონათვალის ნაცვლად, აგენტები აერთიანებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, ხსნიან თუ რატომ არის ესა თუ ის მოვლენა მნიშვნელოვანი, ადარებენ პერსპექტივებს და გვაწვდიან ქმედით ინსაითებს. ეს, მრავალი თვალსაზრისით, წარმოადგენს 2003 წელს ჩაშვებული Google Alerts-ის ახალ ევოლუციას, თუმცა ბევრად უფრო დახვეწილი ფუნქციონალით.

მაგალითად, ინვესტორებს ან C-level აღმასრულებლებს შეუძლიათ შექმნან საფონდო ბაზრის აგენტი, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს, აქციების ფასებსა და ეკონომიკურ ტრენდებს დააკვირდება. აგენტს შეუძლია ბაზრის აქტივობის მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში, ახალი ამბების თვალყურის დევნება, ფინანსური რეპორტების შეჯამება და მნიშვნელოვანი ცვლილებებისას მომხმარებლის გაფრთხილება.

ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებლებმა Search-ში უნდა გააქტიურონ AI Mode და შეიყვანონ სასურველი prompt. როდესაც შესაბამისი ინფორმაცია გამოჩნდება, Google აპლიკაცია push-შეტყობინებას გამოგიგზავნით. თქვენ ასევე შეგიძლიათ მართოთ, დაარედაქტიროთ ან გამორთოთ აქტიური ტრეკინგები AI Mode-ის ისტორიიდან.

ინფორმაციული აგენტები ზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი. კომპანია მათ პირველ ეტაპზე აშშ-ში, Google AI Pro და Ultra გამომწერებისთვის ჩაუშვებს, მოგვიანებით კი სხვა ბაზრებზეც გავრცელდება.

გარდა ამისა, Google-მა წარადგინა Search-ის მასშტაბური რედიზაინი, მათ შორის ახალი "ჭკვიანი საძიებო ველი", რასაც კომპანია ბოლო 25 წლის ყველაზე დიდ ცვლილებას უწოდებს. ახალი ინტერფეისი მორგებულია უფრო გრძელ, სასაუბრო ფორმატის მოთხოვნებზე, ხოლო ახალი AI-ზე დაფუძნებული შეთავაზებების სისტემა ტრადიციულ ავტოშევსებას (autocomplete) ბევრად აღემატება და კონტექსტის სიღრმისეულ გაგებას უზრუნველყოფს.

წყარო: techcrunch.com