
2016 წელს Pokémon Go-ს მილიონობით მოთამაშე საკუთარი გარემოს სკანირებით აგროვებდა მონაცემებს, რასაც მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომავალში რობოტების ნავიგაციასა და ობიექტებთან ურთიერთობას დაეხმარებოდა. დღეს Niantic-ის მსგავსი კომპანიები აქტიურად მუშაობენ ე.წ. მსოფლიო მოდელებზე (world models), რომლებიც ტექსტური დიდი ენობრივი მოდელებისგან განსხვავებით, ვიზუალურ მონაცემებს ეყრდნობიან და ფიზიკის კანონების გათვალისწინებით ციფრულ გარემოს სიმულირებენ.
ექსპერტების აზრით, 2027 წელი გარდამტეხი იქნება სახლის რობოტებისა და ავტონომიური ავტომობილების განვითარებისთვის. Odyssey-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ კამერონის განმარტებით, მსოფლიო მოდელი ვიზუალურ მდგომარეობაზე დაყრდნობით პროგნოზირებს მომდევნო ვიზუალურ მდგომარეობას. ეს ტექნოლოგია რობოტებს საშუალებას აძლევს, მილიონობით სიმულაცია გაიარონ რეალურ გარემოში ფიზიკური მოძრაობის გარეშე.
Wayve-ის მთავარი მეცნიერი ჯეიმი შოტონი აღნიშნავს, რომ მსოფლიო მოდელმა უნდა გაიგოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და ფიზიკის კანონები, რათა ადეკვატურად უპასუხოს გარემოში მიმდინარე ცვლილებებს. ამ მიმართულებით ინვესტიციები უკვე მასშტაბურია: Google, Meta-ს ყოფილი მეცნიერები და ისეთი სტარტაპები, როგორიცაა World Labs, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ამ ტექნოლოგიის სრულყოფაში.
მსოფლიო მოდელების განვითარება გავლენას ახდენს შრომის ბაზარზეც. AI ლაბორატორიებს სჭირდებათ რეალური ადამიანების მიერ ჩაწერილი ვიდეო მონაცემები, რათა სისტემებმა ისწავლონ ყოველდღიური საოჯახო საქმეების შესრულება. შედეგად, ჩვენი ფიზიკური ცხოვრება სულ უფრო მეტად ინტეგრირდება ციფრულ სიმულაციებში, რაც ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად ახალ ეთიკურ და პრაქტიკულ კითხვებს აჩენს.
წყარო: wired.com






