იურიდიული AI სტარტაპი Legora 5.6 მილიარდ დოლარად შეფასდა — Harvey-სთან კონკურენცია მწვავდება

Nvidia-მ თავის AI იმპერიაში ახალი აგური დადო. მისმა კორპორაციულმა სავენჩურო ფონდმა, NVentures-მა, იურიდიულ AI სტარტაპ Legora-ში ინვესტიცია განახორციელა.

შვედური წარმოშობის legal tech სტარტაპი, რომელიც AI-ს იყენებს იურისტების სამუშაო პროცესის გასამარტივებლად, ამერიკულ Harvey-ს უწევს მწვავე კონკურენციას.

Atlassian-სა და სხვა ფინანსურ ინვესტორებთან ერთად, NVentures Legora-ს კაპიტალს $50-მილიონიანი Series D გაფართოების ფარგლებში შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ეს სტარტაპის წინა, $550-მილიონიანი რაუნდიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ მოხდა.

ამ შუალედში, Y Combinator-ის კურსდამთავრებულმა წლიური განმეორებადი შემოსავლის (ARR) $100-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა, რამაც კომპანიის ახალი შეფასება 5.6 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ეს Legora-ს შეფასებას ოდნავ აახლოებს Harvey-სთან, რომელმაც გასულ თვეში 11 მილიარდ დოლარს მიაღწია Sequoia-ს, Andreessen Horowitz-ისა და სხვა მსხვილი ფონდების მხარდაჭერით.

Legora-ც მსხვილი VC ფონდების მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა განსაკუთრებულ აქცენტს კლიენტებზე აკეთებს. მათი პლატფორმა, რომელიც მხოლოდ 18 თვის წინ ჩაეშვა, უკვე გამოიყენება 1,000-ზე მეტი იურიდიული ფირმისა და in-house გუნდის მიერ 50 ბაზარზე. მსგავსი შედეგები აქვს Harvey-საც 100,000 იურისტით 1,300 ორგანიზაციაში.

გლობალური ლიდერობისთვის ბრძოლაში, ორივე კომპანია ერთმანეთის მოედანზე გადადის. Legora-მ მრავალი ოფისი გახსნა და აშშ-ის ბაზარზე ფოკუსირდება, მაშინ როცა Harvey ევროპაში ფართოვდება.

ორივე კომპანია მარკეტინგზე დიდ ფსონს დებს, თუმცა მათი მთავარი საფრთხე მსხვილი ენობრივი მოდელების შემქმნელი AI გიგანტებია. როდესაც Anthropic-მა Claude-სთვის იურიდიული ფლაგინი ჩაუშვა, რამდენიმე საჯარო legal tech კომპანიის აქციები დაეცა.

თუმცა, Legora-ს CEO მაქს იუნესტრანდი ამბობს: "საბაზისო მოდელები სწრაფად უმჯობესდება, მაგრამ რეალური ღირებულება მათ პრაქტიკულ გამოყენებაშია."

NVentures-ის ინვესტიციაც იმაზე მიუთითებს, რომ Legora-ს შესაძლოა საკმარისი უპირატესობა ჰქონდეს კონკურენტებისგან თავის დასაცავად. თუმცა აღსანიშნავია, რომ Nvidia რისკების დაზღვევის მიზნით, ხშირად რამდენიმე კონკურენტში დებს ინვესტიციას — როგორც ეს Anthropic-ისა და OpenAI-ის შემთხვევაში გააკეთა.

წყარო: techcrunch.com