ეს თქვენი ილუზია არ არის: AI seed სტარტაპების შეფასება მნიშვნელოვნად იზრდება

პიტ მარტინს ახსოვს, როგორ მოიზიდა თავისი AI კიბერუსაფრთხოების კომპანიისთვის (Realm) 5 მილიონი დოლარის ოდენობის seed ინვესტიცია 25-მილიონიანი შეფასებით (post-money) 2024 წელს — ანუ დაახლოებით ათასი „AI-წლის“ წინ.

მაშინ ეს რიცხვი საკმაოდ მაღალი ჩანდა, თუმცა დღეს 10 მილიონი დოლარის მოზიდვა 40-45 მილიონი დოლარის შეფასებით აბსოლუტურად სტანდარტული მოვლენაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ბიზნესი AI სფეროს განეკუთვნება.

რეალურად, მსგავსი რამ მხოლოდ AI სტარტაპების შემთხვევაში ხდება, რადგან ინვესტორებს სხვა ინდუსტრიების მიმართ ინტერესი უნელდებათ. Y Combinator-ის ბოლო დემო დღეზე მთავარი განხილვის თემა სწორედ კომპანიების მაღალი შეფასებები იყო. ბევრ სტარტაპს უკვე ჰქონდა ექვს და შვიდნიშნა კონტრაქტები მომხმარებლებთან მაშინაც კი, როდესაც კომპანია მხოლოდ რამდენიმე კვირის შექმნილი იყო.

უფრო სწრაფი ზრდა, უფრო მაღალი შეფასებები

მსხვილი venture capital ფონდები, რომლებსაც დიდი რაოდენობით თავისუფალი კაპიტალი აქვთ, ინვესტირებას უფრო ადრეულ ეტაპებზე იწყებენ, რაც ზრდის ფასებს. საწარმოო AI პლატფორმის (Empromptu) დამფუძნებელი, Shanea Leven, ამ ტენდენციას ნაწილობრივ Cursor-ის წარმატებას უკავშირებს, რომელმაც 2025 წლის დასაწყისში სულ რაღაც 12 თვეში 100 მილიონი დოლარის შემოსავალს მიაღწია. ინვესტორების მოლოდინები უპრეცედენტოდ მაღალია: მათ არა უბრალოდ მილიარდიანი, არამედ 50-მილიარდიანი კომპანიები სურთ.

AI ინსტრუმენტების განვითარების წყალობით, დამფუძნებლებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) და მოიზიდონ პირველი კლიენტები. ინვესტორებიც მზად არიან, კოლოსალური პრემიები გადაიხადონ გამოცდილი AI ტალანტისთვის. ამის საუკეთესო მაგალითია ყოფილი OpenAI-ის ტექნოლოგიური დირექტორის, Mira Murati-ს 2 მილიარდიანი seed რაუნდი 12-მილიარდიანი შეფასებით.

Pre-seed ახალი seed რაუნდია

მაღალი ფასების გამო, seed ფაზის ინვესტორები უფრო მეტ აქცენტს pre-seed ეტაპზე აკეთებენ. ადრეული ეტაპის ფონდები ახლა აფინანსებენ იმ ეტაპს, რაც წლების წინ seed ითვლებოდა. Venture capital ფონდები აღარ აფინანსებენ უბრალოდ იდეებს; ისინი ეძებენ პროდუქტზე რეალური მოთხოვნისა და მომხმარებელთა აქტივობის დადასტურებულ მტკიცებულებებს.

რა არის ამის საფასური?

დიდი თანხის ადრეულ ეტაპზე მოზიდვა კომპანიას ეხმარება სწრაფად განვითარებაში და ძვირადღირებული AI ტალანტების დაქირავებაში. თუმცა, შესაბამისად იზრდება რისკებიც. დამფუძნებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი სწრაფი ზრდა, რომელიც გაამართლებს მაღალ შეფასებას მომდევნო ფინანსურ რაუნდამდე.

მაღალი seed შეფასება ნიშნავს ნაკლებ სივრცეს შეცდომებისთვის, ნაკლებ დროს ექსპერიმენტებისთვის და უფრო მკაცრ კონტროლს ინვესტორების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტარტაპი შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს: გახდეს ზედმეტად ძვირი ახალი ინვესტორებისთვის, თუმცა არ ჰქონდეს საკმარისი პროგრესი შემდეგი Series A რაუნდის გასამართლებლად.

წყარო: techcrunch.com