ევროპარლამენტმა ტექნოლოგიურ გიგანტებს მომხმარებელთა შეტყობინებების სკანირების უფლება შეუნარჩუნა

ევროპარლამენტმა მიიღო საკამათო გადაწყვეტილება, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის Meta-ს, Google-სა და Microsoft-ს, მომხმარებელთა პირადი შეტყობინებების ნებაყოფლობით სკანირების უფლებას უხანგრძლივებს. მიზანი ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების გამოვლენაა, თუმცა კრიტიკოსები ამ ინიციატივას „Chat Control“-ს უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრაზე კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მომხრეებზე მეტი იყო, პროცედურული მანევრის გამო, კანონმა ძალა შეინარჩუნა. ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მტკიცებით, ეს ზომა აუცილებელია ბავშვების დასაცავად, რადგან წინა კანონმდებლობის ვადის გასვლის შემდეგ, კომპანიებს სამართლებრივი საფუძველი აღარ ჰქონდათ.

სამოქალაქო უფლებების დამცველები და ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ. European Digital Rights-ის პოლიტიკური მრჩევლის, სიმონ დე ბრაუერის თქმით, ეს ნაბიჯი კერძო კომპანიებს აძლევს უფლებას, დაარღვიონ ციფრული კომუნიკაციის კონფიდენციალურობა და გააანალიზონ ნებისმიერი პირადი მიმოწერ თუ ფოტო. ყოფილმა ევროპარლამენტარმა პატრიკ ბრეიერმა აღნიშნული პროცესი „ფარსად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მასობრივი თვალთვალი დემოკრატიისთვის საზიანოა.

აღსანიშნავია, რომ End-to-end დაშიფრული სერვისები, როგორიცაა WhatsApp და Signal, ამ ეტაპზე გამონაკლისს წარმოადგენენ. ახალი რეგულაცია ძალაში 2028 წლამდე დარჩება, ან მანამ, სანამ მუდმივი კანონმდებლობა არ ჩაანაცვლებს მას.

წყარო: wired.com