
Waymo ახლა კვირაში 500,000 ფასიან robotaxi მგზავრობას ასრულებს აშშ-ის 10 ქალაქში. ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელი Alphabet-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიის დაჩქარებულ კომერციულ ექსპანსიაზე მიუთითებს. თუმცა, კიდევ უფრო საინტერესო თავად ზრდის ტემპი და ახალი ბაზრების ათვისებაა.
ორ წელზე ნაკლებ დროში, კომპანიის საშუალო ყოველკვირეული ფასიანი მგზავრობების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა — 2024 წლის მაისის 50,000-დან დღევანდელ 500,000-მდე. ამავე პერიოდში Waymo საწყისი ბაზრებიდან (ფენიქსი, სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი) გაფართოვდა ოსტინში, ატლანტაში, მაიამიში, დალასში, ჰიუსტონში, სან-ანტონიოსა და ორლანდოში.
ოფიციალური მონაცემებით, Waymo-ს ფლოტი დაახლოებით 3,000 robotaxi-ს შეადგენს, რომლებიც აღჭურვილია მე-5 თაობის ავტონომიური მართვის სისტემით. ეს რიცხვი სავარაუდოდ მალე გაიზრდება მე-6 თაობის სისტემის დანერგვით, რომელიც Zeekr-ისა და Hyundai Ioniq 5-ის მოდელებზე გამოჩნდება. სტაბილური ფლოტის პირობებში მგზავრობების რაოდენობის ასეთი ზრდა მიუთითებს, რომ კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თითოეული ავტომობილის ათვისების (utilization) მაჩვენებელი.
აღსანიშნავია, რომ ზრდას თან ახლავს გამოწვევებიც. მარეგულირებლები, მათ შორის NHTSA და NTSB, იძიებენ Waymo-ს ავტომობილების ქცევას სასკოლო ავტობუსებთან მიმართებაში. სან-ფრანცისკოს წარმომადგენლები კი წუხილს გამოთქვამენ გზებზე გაჭედილი ავტომობილების გამო.
რა თქმა უნდა, Waymo ჯერ კიდევ შორსაა Uber-ის მასშტაბებისგან, რომელიც საათში 1 მილიონზე მეტ მგზავრობას ასრულებს. თუმცა, robotaxi ინდუსტრიაში Waymo-ს ლიდერობა ყოველთვიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ათვისებას აქტიურად ცდილობენ ისეთი კონკურენტები, როგორიცაა Tesla, Pony.ai, WeRide, Avride, Motional და Zoox, მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი Waymo-ს დასაწევად.
წყარო: techcrunch.com







