
ჰუმანოიდური რობოტები ჯერ კიდევ არ არიან მზად ქარხნებში ადამიანების სრულად ჩასანაცვლებლად, თუმცა ინდუსტრია ამ ცვლილებას მოუთმენლად ელის. მუშახელის დეფიციტის ფონზე, მწარმოებლები აქტიურად ეძებენ სტარტაპებს, რომლებიც ავტომატიზაციის პროცესს უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდიან.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება Theker — AI რობოტიკის სტარტაპი, რომელიც ტრადიციული, ერთ კონკრეტულ დავალებაზე ორიენტირებული რობოტებისგან განსხვავებით, უნივერსალურ გადაწყვეტას გვთავაზობს. თანადამფუძნებლის, კარლა გომეს კანოს თქმით, თანამედროვე საწარმოო პროცესები ხშირად ცვალებადია, ამიტომ სტატიკური რობოტები ყოველთვის ეფექტური არ არის.
Theker-ის რობოტები კონფიგურირებადია: მათი ხელები, მკლავები და საერთო ფორმა შესაძლებელია შეიცვალოს ან დარეგულირდეს დავალების შესაბამისად — იქნება ეს ამანათების დახარისხება, ტანსაცმლის შეფუთვა თუ საწყობში სხვადასხვა პროდუქციის მანიპულაცია. კომპანიის პოტენციალი უკვე დააფასა Inditex-მა (Zara-ს მფლობელი), რაც სტარტაპის ამბიციურ გეგმებზე მიუთითებს.
ბარსელონაში დაფუძნებულმა სტარტაპმა 85 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ევროპაში რობოტიკის სფეროში სერია A-ს რეკორდული მაჩვენებელია. რაუნდს სათავეში ჩაუდგა ამერიკული VC ფირმა CRV, რომელსაც შეუერთდნენ Samsung და Aglaé Ventures (LVMH-ის ინვესტიციების მართვის კომპანია).
Theker-ის დამფუძნებლები ხაზს უსვამენ, რომ მათი მიზანი არა საპილოტე პროექტები, არამედ რეალური საწარმოო ოპერაციებია. კომპანია გეგმავს გაფართოებას ევროპაში, აშშ-სა და აზიაში, ასევე გუნდის გაზრდას 120-მდე თანამშრომლამდე, რათა უპასუხოს მზარდ მოთხოვნას ინდუსტრიულ ავტომატიზაციაზე.
წყარო: techcrunch.com






