
პროდუქტიულობის პლატფორმა Superhuman-ი საკუთარ ეკოსისტემას აფართოებს და შეხვედრების ჩამწერ და დამმუშავებელ სტარტაპ Fathom-ს ყიდულობს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს AI-ზე დაფუძნებული „აგენტური“ სამუშაო პროცესების გაძლიერებას, სადაც ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ მომხმარებლის ბრძანებებს ასრულებს, არამედ პროაქტიულად ერთვება სამუშაო პროცესში.
2020 წელს დაარსებულმა Fathom-მა არსებობის მანძილზე 30 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა და 2024 წლის მონაცემებით, მისი ღირებულება 94 მილიონ დოლარს შეადგენდა. სტარტაპს ჰყავს 400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი და ისეთი ცნობილი ინვესტორები, როგორებიც არიან Zoom Apps Fund და Reddit-ის CEO სტივ ჰაფმანი.
Superhuman-ის CEO შიშირ მეჰროტრას განცხადებით, კომპანიამ შიდა ტესტირებისას გააცნობიერა, თუ რამდენად რთულია მაღალი ხარისხის ჩამწერი სისტემის შექმნა, ამიტომ მზა პროდუქტის შეძენა სტრატეგიულად გამართლებული გადაწყვეტილება იყო. Fathom-ის დამფუძნებლის, რიჩარდ უაითის თქმით, Superhuman-ის მასშტაბური ბაზა მათ საშუალებას მისცემს, ტექნოლოგია მილიონობით მომხმარებელს მიაწოდონ.
ამჟამად Superhuman-ი უკვე ფლობს ელფოსტის კლიენტს, კალენდარს, დოკუმენტების აპლიკაციას და AI აგენტების შემქმნელ პლატფორმას. Fathom-ის ინტეგრაციით, კომპანია შეძლებს შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაციის რეალურ დროში დამუშავებას, ავტომატურ რეჟიმში წერილების შედგენასა და შემდგომი დავალებების დაგეგმვას.
წყარო: techcrunch.com






