The RealReal AI აგენტების მიერ საქონლის დაჯავშნის პრაქტიკას ზღუდავს

მეორადი ლუქს კლასის ტანსაცმლის საცალო მოვაჭრე The RealReal აცხადებს, რომ საკუთარ ბოტებისგან დაცვის სისტემას ანახლებს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს AI აგენტების მიერ პლატფორმაზე შოპინგის პროცესის გართულებას.

ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ AI აგენტებს The RealReal-ის დაჯავშნის სისტემის ბოროტად გამოყენება შეეძლოთ. საიტზე ნივთის კალათაში დამატებისას ის 20 წუთით იბლოკება და სხვა მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი ხდება. Meta-ს Muse-ის გამოყენებით, AI აგენტს შეეძლო ნივთის კალათაში მუდმივად ხელახლა დამატება, რაც სხვა მყიდველებს პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას საათობით უზღუდავდა.

The RealReal-ის ტექნიკურმა დირექტორმა ლუკ ფრიანგმა განაცხადა, რომ კომპანიამ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრა. განახლებული დაცვის სისტემა აგენტებს საიტზე შესვლას, კალათაში ნივთების დამატებასა და გადახდას ართულებს. ფრიანგის თქმით, აგენტებს კვლავ შეეძლებათ პროდუქტების მოძიება და მომხმარებლებისთვის შესაბამის გვერდებზე გადამისამართება, თუმცა კომპანია AI-ზე დაფუძნებული შოპინგის განვითარებასთან ერთად დაცვის მექანიზმებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ტექნოლოგიური კომპანიები AI აგენტებს პერსონალურ ასისტენტებად პოზიციონირებენ, რომლებიც მომხმარებლების ნაცვლად სხვადასხვა დავალებას ასრულებენ. თუმცა, როდესაც რობოტები ადამიანების ნაცვლად შოპინგს იწყებენ, ეს ონლაინ ვაჭრობის არსებულ ბალანსს არღვევს. ბიზნესები შიშობენ, რომ თუ მომხმარებლები საიტებს პირდაპირ აღარ ეწვევიან და მათ ნაცვლად ჩეთბოტებს გამოიყენებენ, კომპანიები კლიენტებთან პირდაპირ კავშირს დაკარგავენ. საცალო მოვაჭრეები, მათ შორის Amazon, უკვე აქტიურად ბლოკავენ AI აგენტების წვდომას საკუთარ პლატფორმებზე.

წყარო: theverge.com