
Spotify-მ განაცხადა, რომ პარტნიორობას იწყებს Universal Music Group-თან (UMG), რათა მსმენელებს მისცეს საშუალება, გენერაციული AI ტექნოლოგიების გამოყენებით საყვარელი სიმღერების ქავერები და რემიქსები შექმნან. ახალი ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ფასიანი დანამატის სახით მხოლოდ Spotify Premium გამომწერებისთვის, ხოლო ხელოვანები მიიღებენ შემოსავლის წილს მათ ნამუშევრებზე დაფუძნებული AI-კონტენტისგან.
კომპანიას ჯერჯერობით არ დაუსახელებია ფასი ან გაშვების ზუსტი თარიღი. Spotify-ის განცხადებით, AI ინსტრუმენტები შეიქმნება წინასწარი შეთანხმებების საფუძველზე და არა ლიცენზიის გარეშე, რაც აშკარა მინიშნებაა ბაზრის სხვა მოთამაშეებზე, როგორიცაა Suno და Udio, რომლებსაც საავტორო უფლებების დარღვევის გამო მსხვილმა ლეიბლებმა სასამართლოში უჩივლეს.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც ეფუძნება თანხმობას, ავტორობის აღიარებასა და სამართლიან ანაზღაურებას იმ არტისტებისთვის, რომლებიც ამ პროცესში ჩაერთვებიან,“ — განაცხადა Spotify-ის თანა-აღმასრულებელმა დირექტორმა, Alex Norström-მა.
სიახლე Spotify-ის ინვესტორთა დღეზე გაჟღერდა, სადაც კომპანიამ სხვა პროექტებიც წარადგინა, მათ შორის AI-ზე მომუშავე აუდიოწიგნების შესაქმნელი პლატფორმა, ახალი ფუნქციები პოდკასტერებისთვის და ექსკლუზიური ბილეთების დაჯავშნის სისტემა ერთგული ფანებისთვის.
წყარო: techcrunch.com







