
OpenAI-ის აპარატურული გეგმების შესახებ მრავალი ჭორი არსებობს. ინდუსტრიის ანალიტიკოსის, Ming-Chi Kuo-ს ახალი ანგარიშის თანახმად, AI კომპანია შესაძლოა სმარტფონზე მუშაობდეს MediaTek-თან, Qualcomm-სა და Luxshare-თან თანამშრომლობით.
Kuo-ს განცხადებით, OpenAI სმარტფონის ჩიპს MediaTek-სა და Qualcomm-თან ერთად შეიმუშავებს, ხოლო Luxshare დიზაინისა და წარმოების პარტნიორი იქნება.
ანალიტიკოსის ვარაუდით, აპლიკაციების ნაცვლად, სმარტფონი სხვადასხვა დავალების შესასრულებლად AI აგენტებს დაეყრდნობა. ამჟამად Apple და Google აკონტროლებენ აპლიკაციების ეკოსისტემას და სისტემაზე წვდომას, რაც გარკვეულ ფუნქციებს ზღუდავს. საკუთარი აპარატურული უზრუნველყოფის შექმნით, OpenAI შეძლებს AI-ის გამოყენებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ ChatGPT უახლოვდება მილიარდ ყოველკვირეულ მომხმარებელს, ყოველდღიური მოხმარების მოწყობილობა კომპანიის მასშტაბირების ამბიციებს იდეალურად ერგება.
აპლიკაციების გაქრობის იდეა მხოლოდ OpenAI-ს არ ეკუთვნის. მაგალითად, Nothing-ის CEO-მ, Carl Pei-მ SXSW-ზე განაცხადა, რომ აპლიკაციები საბოლოოდ გაქრება.
Kuo-ს აზრით, OpenAI-ის სმარტფონი მომხმარებლის კონტექსტის უწყვეტ რეჟიმში გასაანალიზებლად შეიქმნება. საკუთარი ტელეფონის გამოშვებით, კომპანია მიიღებს მეტ მონაცემს მომხმარებელთა ჩვევების შესახებ, ვიდრე ეს ტრადიციული აპლიკაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. სისტემა გამოიყენებს მცირე ლოკალურ (on-device) და cloud მოდელების კომბინაციას სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად.
სმარტფონის სპეციფიკაციები და კომპონენტების მომწოდებლები სავარაუდოდ წლის ბოლოს ან 2027 წლის პირველ კვარტალში დაზუსტდება, ხოლო მასობრივი წარმოება 2028 წლიდან დაიწყება.
წყარო: techcrunch.com







