
OpenAI-მ $852 მილიარდიანი შეფასებით $122 მილიარდის მოზიდვის გარიგება დახურა. ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი დაფინანსების რაუნდია იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე წელს მისი საჯარო ბაზრებზე გასვლაა (IPO) მოსალოდნელი.
მოზიდული კაპიტალი მნიშვნელოვნად გაზრდის OpenAI-ის ბიუჯეტს, რადგან კომპანია უზარმაზარ თანხებს ხარჯავს AI ჩიპებზე, მონაცემთა ცენტრების მშენებლობასა და ტოპ ტალანტების დაქირავებაზე.
რაუნდს თანახელმძღვანელობდნენ SoftBank, Andreessen Horowitz, D.E. Shaw Ventures, MGX, TPG და T. Rowe Price Associates. მასში ასევე მონაწილეობდნენ Amazon, Nvidia და Microsoft. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით $3 მილიარდი საბანკო არხების მეშვეობით ინდივიდუალური ინვესტორებისგან შემოვიდა.
კომპანიამ ასევე $4.7 მილიარდამდე გაზარდა თავისი საკრედიტო ხაზი წამყვანი გლობალური ბანკების მხარდაჭერით. ეს მიუთითებს ფინანსური მოქნილობის გაძლიერებაზე ინფრასტრუქტურასა და გამოთვლით სიმძლავრეებზე (compute) გაზრდილი დანახარჯების ფონზე.
OpenAI-ის განცხადებით, ამჟამად ის თვეში $2 მილიარდ შემოსავალს გამოიმუშავებს. კომპანიის მონაცემებით, მას ყოველკვირეულად 900 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი და 50 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამასთან, რეკლამების საპილოტე პროგრამამ 6 კვირაზე ნაკლებ დროში $100 მილიონიანი წლიური განმეორებადი შემოსავალი (ARR) მოიტანა.
ბიზნეს მიმართულება ახლა უკვე შემოსავლების 40%-ს შეადგენს და კომპანია ვარაუდობს, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ის სამომხმარებლო სეგმენტს გაუთანაბრდება. ზრდას აგენტურ პროცესებში (agentic workflows) მისი უახლესი მოდელი, GPT-5.4 განაპირობებს. საბოლოოდ, OpenAI საკუთარ თავს „AI superapp“-ს უწოდებს და ცხადყოფს, რომ მიზნად ისახავს იყოს მთავარი ინტერფეისი ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებისთვის.
წყარო: techcrunch.com







