OpenAI-ის უსაფრთხოების სისტემების ხელმძღვანელი კომპანიას ტოვებს

OpenAI-ის უსაფრთხოების სისტემების ხელმძღვანელი, იოჰანეს ჰაიდეკე, კომპანიას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც OpenAI-მ სტრუქტურული რეორგანიზაცია განახორციელა, რომლის მიზანიც უსაფრთხოებისა და კვლევითი გუნდების გაერთიანებაა.

კომპანიის კვლევების მთავარი ოფიცრის, მარკ ჩენის განცხადებით, უსაფრთხოების გუნდები ამიერიდან კვლევებისა და ალაინმენტის ვიცე-პრეზიდენტს, მია გლეზეს დაექვემდებარებიან. გლეზე, რომელიც ახალ როლში კვლევებისა და უსაფრთხოების ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს, უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას. სააჩი ჯეინი კი, რომელიც მანამდე უსაფრთხოების გუნდებს ხელმძღვანელობდა, უსაფრთხოების სისტემების დროებითი ხელმძღვანელი გახდება.

მარკ ჩენმა აღნიშნა, რომ მოდელების სწრაფი ტემპით განვითარება და გამოშვების ციკლების შემცირება უსაფრთხოების კუთხით ახალ, უფრო კომპლექსურ გამოწვევებს აჩენს. მისი თქმით, უსაფრთხოებაზე მუშაობა პირდაპირ უნდა იყოს ინტეგრირებული მოდელების განვითარების პროცესში, რათა გადაწყვეტილებები პროდუქტის გაშვებამდე უფრო ეფექტურად იქნას მიღებული.

ჰაიდეკე OpenAI-ს 2021 წელს შეუერთდა, ხოლო უსაფრთხოების სისტემების ხელმძღვანელის პოზიცია 2024 წელს დაიკავა. მისი წასვლა კომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფონზე ხდება: ცოტა ხნის წინ კომპანია დატოვა მთავარმა ფუტურისტმა ჯოშუა აჩიამმა, ასევე თანამდებობას ტოვებს AGI-ის დეპლოიმენტის აღმასრულებელი დირექტორი ფიჯი სიმო.

ცვლილებები ემთხვევა OpenAI-ის მიერ ახალი, უფრო მძლავრი მოდელების, მათ შორის GPT-5.6-ის გაშვებას, რომელმაც, კომპანიის ცნობით, ტესტირებისას გარკვეული სახის არასასურველი ქცევები გამოავლინა. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს დისკუსიას AI-ის უსაფრთხოებისა და მისი კონტროლის მექანიზმების შესახებ.

წყარო: wired.com