
OpenAI-ის AGI დეპლოიმენტის ხელმძღვანელი ფიჯი სიმო კომპანიაში სრულ განაკვეთზე მუშაობას წყვეტს და მრჩევლის პოზიციაზე გადადის. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სიმომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმეთვიანი შვებულება აიღო.
„სამი თვის წინ, ქრონიკული დაავადების გამწვავების გამო, იძულებული გავხდი შვებულებაში გავსულიყავი. მკურნალობის პროცესი იმაზე ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი, ამიტომ ახლა სრულად ჯანმრთელობაზე ფოკუსირება მჭირდება“, — განაცხადა სიმომ სოციალურ ქსელ X-ში.
ფიჯი სიმო OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს 2024 წლის მარტში შეუერთდა. მანამდე ის Instacart-ის CEO-სა და Meta-ში Facebook-ის აპლიკაციის ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდა. OpenAI-ში მისი მთავარი ამოცანა პროდუქტებისა და ბიზნეს მიმართულებების მართვა იყო, რაც სემ ალტმანს საშუალებას აძლევდა, კვლევებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადართულიყო.
სიმოს წასვლა OpenAI-ში მიმდინარე მასშტაბური რეორგანიზაციის ნაწილია. კომპანია 2027 წლისთვის დაგეგმილი IPO-სთვის ემზადება და მიზნად 1 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციას ისახავს. ამ სტრატეგიის ფარგლებში, OpenAI-მ გააერთიანა ChatGPT-ის, ბრაუზერისა და კოდირების აგენტების გუნდები „სუპერაპლიკაციის“ შესაქმნელად, ხოლო ნაკლებად პრიორიტეტული პროექტები, როგორიცაა Sora, შეაჩერა.
ცოტა ხნის წინ OpenAI-მ ChatGPT-ის ყველაზე მასშტაბური განახლება წარადგინა, რომელიც მომხმარებლის ნაცვლად მოქმედებების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. კომპანია იმედოვნებს, რომ ეს სიახლეები ChatGPT-ს კიდევ უფრო ფუნქციურს გახდის და მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ახალ ინსტრუმენტებს შესთავაზებს.
წყარო: wired.com






