
Neko Health-მა, სხეულის სკანირებისა და ჯანმრთელობის შეფასების სტარტაპმა, რომელიც Spotify-ის დამფუძნებელმა დანიელ ეკმა და ჰიალმარ ნილსონემ შექმნეს, Series C რაუნდში 700 მილიონი დოლარი მოიზიდა. საინვესტიციო რაუნდს Lightspeed Venture Partners და O.G. Venture Partners ხელმძღვანელობდნენ. ეს შედეგი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა 2025 წლის იანვარში მოზიდული 260 მილიონი დოლარის შემდეგ.
Neko Health-მა შეიმუშავა სხეულის სკანირების საკუთარი ტექნოლოგია, რომელიც სისხლის ანალიზთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსურ შეფასებას იძლევა. სისტემა ინტეგრირდება Apple Health-ის მონაცემებთან, რაც კლინიცისტებს რეალურ დროში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დიაგნოსტიკის საშუალებას აძლევს. ამჟამად კომპანია დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში ოპერირებს, თუმცა უკვე ემზადება ნიუ-იორკში პირველი ამერიკული ფილიალის გასახსნელად.
სტარტაპის სერვისით უკვე 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, ხოლო მოლოდინის რეჟიმში 350 000-ზე მეტი პოტენციური მომხმარებელია. ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევა Calm-ის დამფუძნებელს, ალექს ტიუს უკავშირდება, რომელმაც სკანირების შედეგად ავთვისებიანი ხალი აღმოაჩინა და დროული ჩარევის წყალობით ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აირიდა თავიდან.
ჯანდაცვის ტექნოლოგიების სექტორში კონკურენცია იზრდება. მაგალითად, AI ლაბორატორია Midjourney ასევე მუშაობს სხეულის სკანირების ტექნოლოგიაზე, რომლის ინტეგრირებასაც 2027 წლისთვის სან-ფრანცისკოში დაგეგმილ სპა-ცენტრებში გეგმავს.
წყარო: techcrunch.com





