
Ladybird, დამოუკიდებელი ვებ-ბრაუზერი, რომელიც ნულიდან შექმნილ ძრავას ეფუძნება, ოფიციალურად ხელმისაწვდომია ტესტირებისთვის. ორშაბათს, დეველოპერმა ანდრეას კლინგმა განაცხადა, რომ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, ბრაუზერის ალფა ვერსია macOS და Linux ოპერაციული სისტემებისთვის გამოვიდა.
ეს რელიზი Ladybird-ს აქცევს პირველ ბრაუზერად წლების განმავლობაში, რომელიც სრულიად ახალი ძრავით გამოდის. დღეისათვის ბაზარზე არსებული პოპულარული ბრაუზერები მხოლოდ სამ ძრავას იყენებენ: Gecko, Blink და WebKit. Gecko, რომელიც Mozilla Firefox-ში გამოიყენება, 2000 წელს გამოჩნდა, Apple-ის WebKit 2003 წელს დაინერგა, ხოლო Google-ის მიერ მხარდაჭერილი Blink, რომელიც Chrome-ს, Edge-სა და Opera-ს საფუძვლად უდევს, WebKit-ის ბაზაზე შეიქმნა.
Ladybird-ს არაკომერციული ორგანიზაცია უჭერს მხარს. მათი მიზანია შექმნან დამოუკიდებელი, სწრაფი და უსაფრთხო ბრაუზერი, რომელიც პატივს სცემს მომხმარებლის კონფიდენციალურობას და ხელს უწყობს ღია ვებ-სივრცის განვითარებას. თავდაპირველად პროექტი C++ ენაზე იწერებოდა, თუმცა მოგვიანებით დეველოპერებმა კოდის Rust-ზე გადატანა დაიწყეს, რისთვისაც AI ტექნოლოგიები გამოიყენეს.
ანდრეას კლინგის განცხადებით, ბრაუზერი ამ ეტაპზე მოკრძალებული, თუმცა ფუნქციურია. მან ასევე აღნიშნა, რომ ალფა ვერსიაში ზოგიერთი ვებ-გვერდი შესაძლოა არასწორად მუშაობდეს. Ladybird-ის ვერსია Windows-ისთვის პროექტის შემდგომ ეტაპებზე გამოვა.
წყარო: theverge.com






