Mistral AI 20 მილიარდი ევროს შეფასებით 3 მილიარდი ევროს მოზიდვას გეგმავს

ფრანგული AI ლაბორატორია Mistral AI დაახლოებით 3 მილიარდი ევროს (3.5 მილიარდი დოლარი) მოზიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული რაუნდის შედეგად კომპანიის საბაზრო ღირებულება 20 მილიარდ ევროს (23.15 მილიარდი დოლარი) მიაღწევს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის სექტემბერში, Series C რაუნდში დაფიქსირებულ 11.7 მილიარდ ევროს.

2023 წელს დაარსებულმა Mistral-მა თავიდანვე დაისახა მიზნად „ფრონტიერ AI-ის ყველასთვის ხელმისაწვდომობა“. ამერიკელი კონკურენტებისგან განსხვავებით, კომპანია უფრო ღია მიდგომას ირჩევს და ავრცელებს მოდელებს ღია წონებით, რაც მომხმარებლებს მათი პერსონალიზაციის საშუალებას აძლევს. ამასთან, Mistral სთავაზობს დახურულ მოდელებს ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა პროგრამირება, ხმის გენერაცია და ოპტიკური სიმბოლოების ამოცნობა.

ევროპული ქვეყნების მიერ ამერიკული ტექნოლოგიური გავლენის შემცირების ფონზე, Mistral-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც „სუვერენულმა“ და ადგილობრივმა ალტერნატივამ. კომპანია პარიზთან ახლოს საკუთარ მონაცემთა ცენტრს აშენებს და უკვე თანამშრომლობს საფრანგეთის არმიასთან, ლუქსემბურგის მთავრობასთან და ევროპულ კორპორაციებთან.

მიუხედავად ამისა, PitchBook-ის მონაცემებით, Mistral-მა დღემდე მხოლოდ 4 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამერიკულ გიგანტებს — OpenAI-სა (186 მილიარდი) და Anthropic-ს (161.25 მილიარდი). ეს სხვაობა ასახავს ამერიკული ლაბორატორიების უპირატესობას შემოსავლების, მოდელების ადაპტაციისა და კორპორატიული მოთხოვნის კუთხით.

წყარო: techcrunch.com