
გახსოვთ დრო, როდესაც Microsoft-ი აქტიურად ცდილობდა მომხმარებლებისთვის დაემტკიცებინა, რომ „Copilot Plus PC“ არის ის მოწყობილობა, რომელიც საკმარისი AI სიმძლავრით გამოირჩევა? სულ რაღაც ორწელიწადნახევრის შემდეგ, Microsoft-ი და Qualcomm-ი ფაქტობრივად აღიარებენ, რომ ეს ბრენდი უკვე წარსულს ჩაბარდა.
Windows Central-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი 12-დიუმიანი Microsoft Surface Pro და 13-დიუმიანი Surface Laptop ტექნიკურად აკმაყოფილებენ „Copilot Plus PC“-ის სისტემურ მოთხოვნებს, Microsoft-ი მათ ამ სახელით აღარ მოიხსენიებს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ბრეტ ოსტრომმა დაადასტურა, რომ ეს მოწყობილობები აღარ იწოდება „Copilot Plus PC“-ად.
Qualcomm-ის წარმომადგენელმა კედარ კონდაპმაც დაადასტურა, რომ ბრენდის ეპოქა დასრულებულია და მსგავსი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერები მომავალში ამ მარკეტინგულ სახელს აღარ გამოიყენებენ.
ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ჯერ კიდევ 2024 წელს ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მალე თითქმის ყველა PC აღჭურვილი იქნებოდა იმ საბაზისო AI აპარატურით, რასაც ეს ბრენდი გულისხმობდა. გარდა ამისა, „Copilot Plus PC“-ის მთავარი ფუნქცია, Recall, მომხმარებლებმა უარყოფითად მიიღეს, ხოლო Microsoft-ის მხრიდან AI-ის აგრესიულმა პოპულარიზაციამ და კლავიატურაზე დამატებულმა სპეციალურმა Copilot ღილაკმა მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ამჟამად Microsoft-ი ყურადღებას Nvidia-ს ჩიპებზე ამახვილებს, რაც Windows-ში პერსონალური AI-ის ახალ ერას უნდა დაედოს საფუძვლად. 7 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე, სადაც კომპანია ადგილობრივი AI-ის განვითარებაზე ისაუბრებს, სავარაუდოდ, „Copilot Plus PC“-ის ჩასანაცვლებლად ახალ, უფრო ეფექტურ ბრენდს ვიხილავთ.
წყარო: theverge.com






