
გეოთერმულმა სტარტაპმა Mazama Energy-მ Series B რაუნდში 135 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. მოზიდული კაპიტალი კომპანიას ჰორიზონტალური ჭაბურღილების განვითარებაში დაეხმარება, რომლებიც სუპერცხელ ქანებში 15 მეგავატამდე ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებენ.
Mazama-ს გეგმების მიხედვით, ელექტროენერგიის გამომუშავება მომავალი წლიდან დაიწყება. კომპანიის პირველი ობიექტი ორეგონში მდებარეობს და მისი პოტენციური სიმძლავრე 10 გიგავატს შეადგენს, რაც გასული წლის პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატება. გაუმჯობესებული გეოთერმული ტექნოლოგიები სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, როგორც AI მონაცემთა ცენტრებისა და ენერგოსისტემის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გზა.
ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, Mazama 15 000 ფუტის სიღრმეზე არსებულ 400°C-მდე ტემპერატურის ქანებს იყენებს. ამ სიღრმეზე წყალი „სუპერკრიტიკულ“ მდგომარეობაში გადადის, რაც ჩვეულებრივ ორთქლთან შედარებით 10-ჯერ მეტი ენერგიის გამომუშავების საშუალებას იძლევა. კვლევების თანახმად, მსოფლიოში არსებული სუპერცხელი ქანების მხოლოდ 1%-ის ათვისებამ შესაძლოა 63 ტერავატზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშაოს.
ინვესტიციების რაუნდს სათავეში Centaurus Capital და Doerr Capital ჩაუდგნენ, რომლებსაც შეუერთდნენ ConocoPhillips, Shell Ventures, Khosla Ventures და Gates Frontier. Mazama გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მისი პირველი ობიექტი 200 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
წყარო: techcrunch.com






