Kin Health-მა პაციენტებისთვის AI ჩანაწერების აპლიკაციის შესაქმნელად $9 მილიონი მოიზიდა

აშშ-ში AI ჩანაწერების (AI notetaking) მოწყობილობების ბაზარი სწრაფად იზრდება. ჯანდაცვის სექტორში უკვე დიდია მოთხოვნა ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ექიმებს პაციენტებთან საუბრის ტრანსკრიფციასა და ადმინისტრაციული ტვირთის შემსუბუქებაში ეხმარება.

ამ ფონზე, Kin Health ქმნის აპლიკაციას სპეციალურად პაციენტებისთვის. ინსტრუმენტი იწერს ექიმთან ვიზიტს, აანალიზებს სამედიცინო რჩევებს და მომხმარებელს შემდგომი ნაბიჯების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ამ იდეის განსახორციელებლად სტარტაპმა Maveron-ის ლიდერობით 9 მილიონი დოლარის Seed დაფინანსება მოიზიდა.

აპლიკაცია შეხვედრის ჩამწერის პრინციპით მუშაობს: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ის აგენერირებს AI შეჯამებას, რომლის გაზიარებაც ოჯახის წევრებთანაც მარტივადაა შესაძლებელი. Kin Health-ის განცხადებით, პაციენტების ყველა მონაცემი დაშიფრულია და დაცულია მკაცრი კონფიდენციალურობის სტანდარტებით.

პროდუქტი სრულად უფასოა. კომპანია მონეტიზაციას სპეციალისტებთან და ლაბორატორიებთან რეფერალური პროგრამებით აპირებს, მსგავსად ცნობილი პლატფორმა GoodRx-ისა. Kin Health-ის გუნდში სწორედ GoodRx-ის დამფუძნებლებიც შედიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვაში AI-ს ინტეგრაციას თან ახლავს გამოწვევები, მათ შორის მონაცემთა უსაფრთხოება და AI-ის ჰალუცინაციები, სტარტაპი აქტიურად იყენებს სპეციალიზებულ სამედიცინო მოდელებს და მუშაობს ალგორითმის დახვეწაზე, რათა მან ზუსტად ამოიცნოს განსხვავებული აქცენტები ან ნიღბით საუბრისას გაჟღერებული ტექსტი.

ინვესტორების რიგებში ასევე არიან Town Hall Ventures, Eniac Ventures, Pear VC და ჯანდაცვის სფეროს 30-ზე მეტი წამყვანი პროფესიონალი.

წყარო: techcrunch.com