Google Anthropic-ში $40 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, Google გეგმავს $40 მილიარდამდე ინვესტიციას ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ში, რათა მხარი დაუჭიროს მის მზარდ გამოთვლით საჭიროებებს. საწყის ეტაპზე ინვესტიცია $10 მილიარდს შეადგენს, რითაც Anthropic $350 მილიარდად შეფასდება. დამატებითი $30 მილიარდი კი კონკრეტული მიზნების მიღწევის შემდეგ განხორციელდება.

ინვესტიციის პირობა მოჰყვა Anthropic-ის მიერ ახალი მოდელის, Mythos-ის გამოშვებას, რომელიც კომპანიის თქმით, მათთვის ყველაზე ძლიერი მოდელია და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ბოროტად გამოყენების რისკების გამო, მასზე წვდომა ამჟამად შეზღუდულია.

AI სფეროში მიმდინარე კონკურენცია სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული გამოთვლით სიმძლავრეებზე (compute), რაც სისტემების ტრენინგისა და დანერგვისთვისაა აუცილებელი. Anthropic ცდილობს ამ მიმართულებით პოზიციების გაძლიერებას. კომპანიამ ახლახან დადო შეთანხმება CoreWeave-თან მონაცემთა ცენტრების სიმძლავრეებზე და ასევე მიიღო დამატებითი $5 მილიარდიანი ინვესტიცია Amazon-ისგან.

მიუხედავად იმისა, რომ Google პირდაპირი კონკურენტია, ის Anthropic-ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული მიმწოდებელიცაა. Anthropic აქტიურად იყენებს Google Cloud-ს და მის TPU ჩიპებს, რომლებიც AI სამუშაოებისთვისაა შექმნილი. ახალი ინვესტიცია აფართოებს ამ თანამშრომლობას და Google Cloud მომდევნო 5 წლის განმავლობაში Anthropic-ს 5 გიგავატამდე სიმძლავრეს მიაწვდის.

თებერვლის მონაცემებით, Anthropic-ის შეფასება $350 მილიარდს შეადგენდა, თუმცა ინვესტორები უკვე დაინტერესებულნი არიან კომპანიის $800 მილიარდზე მეტად შეფასებით. Bloomberg-ის ცნობით, კომპანია ასევე განიხილავს ოქტომბერში IPO-ს განხორციელებას.

წყარო: techcrunch.com