Ferrari იყენებს IBM-ის AI ტექნოლოგიას F1-ის სუპერფანების შესაქმნელად

ორი წლის წინ IBM-მა გააცნობიერა, რომ მის სპორტულ პარტნიორობებს შორის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აკლდა: ფორმულა 1. Netflix-ის შოუს „Drive to Survive“-ის დამსახურებით, F1 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი გახდა მსოფლიოში. ამ ტექნოლოგიურმა სპორტმა ასევე მიიზიდა ისეთი გიგანტები, როგორებიცაა AWS, Oracle და Anthropic, რომლებიც გუნდებს მონაცემთა ანალიტიკასა და AI ინსტრუმენტებს სთავაზობენ.

ამიტომ, როდესაც IBM ახალ პარტნიორს ეძებდა, არჩევანი F1-ის ყველაზე ლეგენდარულ გუნდზე – Scuderia Ferrari HP-ზე შეაჩერა. პარტნიორობის მიზანია მოწინავე ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ფანებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად.

თანამშრომლობა ფოკუსირებულია Ferrari-ის ფანების მობილური აპლიკაციის ტრანსფორმაციაზე. Ferrari-ის ფანების განვითარების ხელმძღვანელის, სტეფანო პალარდის თქმით, გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულმა გულშემატკივარმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს: „ეს იწყება ტრასიდან მიღებული მილიონობით მონაცემის მარტივ და საინტერესო კონტენტად ქცევით“.

განახლებული აპლიკაცია უკვე გთავაზობთ ინტერაქტიულ თამაშებს, AI-ის მიერ გენერირებულ რბოლის შეჯამებებს, კულუარულ ისტორიებს და AI ასისტენტს კითხვებზე პასუხების მისაღებად. IBM-ის ჩართულობის შემდეგ, რბოლის უქმეებზე ფანების აქტივობა აპლიკაციაში 62%-ით გაიზარდა.

„ჩვენი ხედვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში არის ის, რომ თითოეულმა ფანმა იგრძნოს, თითქოს ეს გამოცდილება პირადად მათთვის შეიქმნა, მიუხედავად იმისა, ისინი ჩვენთან არიან 30 წელი თუ 30 დღე,“ – ამბობს პალარდი.

წყარო: techcrunch.com