Etched-ის საბაზრო ღირებულება ერთ თვეში გაორმაგდა და 21 მილიარდ დოლარს მიაღწია

ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე სტარტაპმა Etched-მა განაცხადა, რომ 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 21 მილიარდ დოლარს მიაღწია. საინვესტიციო რაუნდს სათავეში ჩაუდგა ცნობილი კვანტური ფონდი Jane Street, რომელმაც სტარტაპის AI აპარატურის ტესტირების შემდეგ მასში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო.

AI ინდუსტრიისთვისაც კი, შეფასების ასეთი სწრაფი ზრდა შთამბეჭდავია: დეკემბერში Etched 5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ივლისში კი, 300 მილიონიანი Series C რაუნდის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 10.3 მილიარდამდე გაიზარდა. სულ რაღაც ერთ თვეში კომპანიის ღირებულება თითქმის გაორმაგდა.

Etched თავის ტექნოლოგიას „ფრონტიერ ინფერენს კლასტერების“ (frontier inference clusters) სახით სთავაზობს ბაზარს. კომპანიის თანადამფუძნებლისა და COO-ს, რობერტ ვაჩენის თქმით, ინვესტორების ინტერესი განპირობებულია იმით, რომ მათ შექმნეს ორი ახალი კომპონენტი, რომლებიც მნიშვნელოვნად აჩქარებს ინფერენსის პროცესს — ანუ იმ გამოთვლებს, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნის შემდეგ ხორციელდება.

Etched-მა შეიმუშავა სპეციალური ჩიპი, რომელიც დაბალ ძაბვაზე მუშაობს, რაც საშუალებას იძლევა, ჩიპში მეტი ტრანზისტორი განთავსდეს გადახურების პრობლემის გარეშე. გარდა ამისა, კომპანიამ შექმნა მეხსიერების ახალი ტიპი და ინტერკონექტი, რომელიც მრავალ ჩიპს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ საერთო მეხსიერების ბაზა უკიდურესად დაბალი ლატენტურობით. შედეგად, სისტემა უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიჩქარეს და დაბალ დანახარჯებს.

მიუხედავად ადრეული პერიოდის სკეპტიციზმისა, Etched-ის სისტემები დღეს უკვე უნივერსალურია და ნებისმიერი თანამედროვე AI მოდელის გაშვება შეუძლია. Jane Street-ის განცხადებით, მათ უკვე დანერგეს Etched-ის ტექნოლოგია საკუთარ მონაცემთა ცენტრებში და კმაყოფილნი არიან მიღებული შედეგებით.

წყარო: techcrunch.com