
ევროკომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობაში მასშტაბური ცვლილებები დააანონსა. ახალი ინიციატივა, სახელწოდებით Digital Fairness Act, მიზნად ისახავს ევროკავშირის მოქალაქეების დაცვას ციფრულ სივრცეში არსებული მავნე პრაქტიკებისგან. ცვლილებები შეეხება ონლაინ შოპინგს, სოციალურ მედიასა და სხვადასხვა აპლიკაციებს.
ახალი წესები კრძალავს ე.წ. dark patterns-ს, ანუ მომხმარებლის მანიპულირების მეთოდებს, როგორიცაა პროდუქტის ხელოვნური დეფიციტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. რეგულაციები ასევე მოითხოვს ბილეთების გამყიდველებისგან ფასების სტრუქტურის გამჭვირვალობას, ინფლუენსერების მიერ დაფინანსებული კონტენტის მკაფიო იდენტიფიცირებას და არასრულწლოვანთა მიმართ პერსონალიზებული რეკლამირების აკრძალვას. გარდა ამისა, მომხმარებელს გაუმარტივდება ციფრული გამოწერების გაუქმება და მიეცემა უფლება, მოითხოვოს ადამიანთან კომუნიკაცია მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისში.
ევროკომისარ მაიკლ მაკგრათის განცხადებით, ეს არის მომხმარებელთა დაცვის წესების ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ბოლო 20 წლის განმავლობაში. კანონპროექტი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გამორთონ ისეთი ფუნქციები, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევს, მაგალითად, ვიდეოების ავტომატური ჩართვა ან Duolingo-სა და Strava-ს მსგავსი აპლიკაციების ე.წ. streaks ფუნქცია.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი უკვე აქტიურად არეგულირებს მსგავს საკითხებს Digital Services Act-ის ფარგლებში. TikTok-ი და Meta უკვე მოექცნენ მარეგულირებლის ყურადღების ცენტრში ალგორითმული რეკომენდაციებისა და დამოკიდებულების გამომწვევი დიზაინის გამო. დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, კომპანიებს შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა მათი წლიური გლობალური ბრუნვის 6 პროცენტის ოდენობით.
ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს არსებული საკანონმდებლო ხარვეზების შევსებას და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში მომხმარებელთა დაცვის ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას. არარეზიდენტი კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, დანიშნონ ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელიც ითანამშრომლებს მარეგულირებელ ორგანოებთან.
წყარო: wired.com






