Apple-მა OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა: კომპანია ტექნოლოგიური საიდუმლოებების ქურდობაში ადანაშაულებს

Apple-მა OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კომპანია აცხადებს, რომ OpenAI-ის ინჟინრებმა, რომლებიც წარსულში Apple-ში მუშაობდნენ, სისტემურად მოიპარეს Apple-ის კომერციული საიდუმლოებები, რათა დაეჩქარებინათ OpenAI-ის საკუთარი აპარატურული (hardware) მიმართულების განვითარება.

სარჩელში, გარდა OpenAI-ისა, ფიგურირებს Jony Ive-ის სტარტაპი IO Products, რომელიც OpenAI-მა 2025 წელს შეიძინა, ასევე ორი ყოფილი თანამშრომელი: Tang Tan (OpenAI-ის აპარატურული მიმართულების ხელმძღვანელი) და Chang Liu. Apple-ის მტკიცებით, Liu-მ კომპანიის დატოვების შემდეგ სისტემებზე წვდომა უკანონოდ აღადგინა და ჩამოტვირთა ათობით კონფიდენციალური ფაილი, მათ შორის ინფორმაცია გამოუქვეყნებელი პროდუქტების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და საინჟინრო მონაცემების შესახებ.

Apple-ის განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, OpenAI-მა გამოიყენოს Apple-ის ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, მიწოდების ჯაჭვის ინოვაციები და საიდუმლო ტექნოლოგიები. სარჩელში აღნიშნულია, რომ OpenAI-ის წარმომადგენლები გასაუბრებების დროს Apple-ის თანამშრომლებს სთხოვდნენ, თან მოეტანათ კონფიდენციალური დიზაინის არტეფაქტები და პროტოტიპები.

Apple-ის ცნობით, ამჟამად OpenAI-ში 400-ზე მეტი ყოფილი Apple-ის თანამშრომელი მუშაობს. კომპანია აცხადებს, რომ თებერვალში მათ OpenAI-ს ოფიციალურად მიმართეს შეშფოთების გამოსახატად, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. თავის მხრივ, OpenAI-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპანია არ არის დაინტერესებული სხვისი კომერციული საიდუმლოებებით და ფოკუსირებულია საკუთარი ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაზე.

წყარო: theverge.com