Anthropic-მა Akamai-სთან 11.6 მილიარდი დოლარის ღირებულების Cloud კონტრაქტი გააფორმა

Anthropic-მა Akamai-სთან შვიდწლიანი თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც კომპანია cloud ინფრასტრუქტურისთვის 11.6 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ეს გარიგება Akamai-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია და ხაზს უსვამს Anthropic-ის მზარდ მოთხოვნილებას გამოთვლით სიმძლავრეებზე.

გარიგების პირობების თანახმად, თანხის გამოყოფა დამოკიდებულია Akamai-ს მიერ მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ვალდებულებების შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება აქვთ, ეს შეთანხმება Anthropic-ის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც AI აგენტების მუშაობისთვის საჭირო CPU რესურსების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

Akamai-სთვის ეს გარიგება ფინანსურ ზრდას 2027 წლიდან მოუტანს, ხოლო 2028 წლის ბოლოსთვის წლიური შემოსავალი დაახლოებით 1.7 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად Akamai დაახლოებით 5.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს.

საინტერესოა გარიგების სტრუქტურაც: Akamai-მ Anthropic-ს მისცა უფლება (warrant), შეიძინოს კომპანიის აქციები ფიქსირებულ ფასად. ეს მოდელი, სადაც მიმწოდებელი მომხმარებელს წილის ფლობის პერსპექტივას სთავაზობს, სულ უფრო პოპულარული ხდება AI ინდუსტრიაში. Anthropic-ის მიერ Akamai-ს სერვისებზე დახარჯული ყოველი დამატებითი 3 მილიარდი დოლარი კომპანიას დამატებითი წილის მიღების შესაძლებლობას აძლევს, რაც გარიგების საერთო ღირებულებას პოტენციურად 20 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.

წყარო: techcrunch.com