
Cloud პროვაიდერი Lambda 14.5 მილიარდი დოლარის შეფასებით, 4 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს შესაძლოა კომპანიის ბოლო კერძო რაუნდი იყოს 2027 წლისთვის დაგეგმილ IPO-მდე. საინვესტიციო რაუნდს Coatue Management და Blackstone უძღვებიან.
ინვესტორებისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ Lambda-ს შეკვეთების პორტფელი ივნისში არსებული 15 მილიარდიდან სექტემბრისთვის 50 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი Anthropic-თან აგვისტოს ბოლოს გაფორმებულ 35-მილიარდიან კონტრაქტს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შეფასება Anthropic-ის გადახდისუნარიანობაზეა დამოკიდებული, ინვესტორები კვლავ აქტიურად აბანდებენ კაპიტალს GPU სიმძლავრეების მომწოდებლებში.
Lambda-ს მსგავსი „ნეოკლაუდ“ კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა არა მოთხოვნა, არამედ მისი დაკმაყოფილების ხარჯებია. მონაცემთა ცენტრების მშენებლობა ძირითადად ვალდებულებებით ფინანსდება — გასულ კვირას Lambda-მ დამატებით 1 მილიარდი დოლარის სესხი მოიზიდა. ახალი კაპიტალი კომპანიას საშუალებას მისცემს, გააძლიეროს პოზიციები საჯარო ბაზარზე გასვლამდე.
თუ Lambda IPO-ს განახორციელებს, ის შეუერთდება Nvidia-ს მხარდაჭერილ სხვა კომპანიებს, როგორიცაა CoreWeave და Nebius, რომელთა განვითარებაც პირდაპირაა დამოკიდებული საფონდო ბირჟაზე მათ აქციებზე. ბრიტანული Nscale-იც უკვე ემზადება IPO-სთვის, რაც ადასტურებს AI ინფრასტრუქტურის სექტორში არსებულ მაღალ ინტერესს.
წყარო: techcrunch.com






