
შეიძენდით ჰუმანოიდ რობოტს, თუ ის სმარტფონზე ნაკლები ეღირებოდა? ჩინური სტარტაპის, LinkerBot-ის 40 წლის დამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი ჟოუ იონგი მიიჩნევს, რომ მალე ეს რეალობად იქცევა. კომპანია რობოტის მოქნილ ხელებს, რომლებსაც პიანინოზე დაკვრა და ნემსში ძაფის გაყრაც კი შეუძლიათ, სულ რაღაც 600 დოლარად ყიდის. ჟოუ პროგნოზირებს, რომ 3-5 წელიწადში ფასი 200 დოლარამდე დაეცემა და საბოლოოდ, საშუალოდ, „ყველას ექნება 10 რობოტი“.
მიუხედავად იმისა, რომ რობოტების ფეხებზე ბევრი საუბრობს, ნამდვილი ტექნოლოგიური გამოწვევა ხელებშია. „ხელები მთელი რობოტის საინჟინრო სირთულის უდიდეს ნაწილს შეადგენს“, — აღნიშნა ილონ მასკმა გასულ წელს. 2023 წელს დაფუძნებული LinkerBot უკვე ბაზრის ლიდერია: შარშან კომპანიამ 10 000 რობოტული ხელი გაყიდა, რაც გლობალური მოთხოვნის 80%-ს შეადგენს. სტარტაპმა 13 თვეში 6 საინვესტიციო რაუნდი დახურა ისეთი გიგანტებისგან, როგორებიცაა ჩინეთის მთავრობა, Alibaba-ს Ant Group და HongShan Capital. ამჟამად კომპანია ახალ რაუნდს 6 მილიარდი დოლარის შეფასებით გეგმავს და ჰონგ-კონგის ბირჟაზე გასვლას განიხილავს.
წარმატებული კომპანიები ერთ ვიწრო მიმართულებაზე ფოკუსირდებიან. LinkerBot-მაც მთლიანი რობოტის შექმნას სპეციალიზებული ხელების წარმოება ამჯობინა, რათა თავიდან აიცილოს პირდაპირი კონკურენცია Unitree-სა და Tesla-სთან. „ეს ჰგავს ოქროს ციებ-ცხელების დროს წყლისა და ნიჩბების გაყიდვას“, — ამბობს ინვესტორი ჰონგ შანგუანი. ჩინეთის წარმოების უპირატესობის წყალობით, კომპანია გლობალურ მწარმოებლებს ხარჯების შემცირებასა და ტექნოლოგიის სწრაფ დანერგვაში ეხმარება.
ჟოუს ხედვით, ჰუმანოიდების ეპოქა სამ ეტაპად განვითარდება: პირველ ეტაპზე ისინი გასართობ როლს შეასრულებენ; მეორე ეტაპზე მარტივ სამუშაოებს (სასმელების მომზადება, დახარისხება) გადაიბარებენ; ხოლო მესამე ეტაპზე რთულ საოჯახო გარემოში ინტეგრირდებიან. ჩინეთში, სადაც ახალგაზრდებს აღარ სურთ ქარხნებში მუშაობა, რობოტები მუშახელის დეფიციტს შეავსებენ. ჟოუ მიიჩნევს, რომ საბოლოოდ რობოტები სრულად ჩაანაცვლებენ ადამიანებს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს: AI და რობოტები დოვლათს იმდენად ხელმისაწვდომს გახდიან, რომ მუშაობის საჭიროება გაქრება, თუმცა უთანასწორობა მაინც შენარჩუნდება.
წყარო: wired.com






