ჩინური აპლიკაცია, რომელიც Instagram-ს ჩრდილავს

ჩინეთის პროვინცია იუნანში მდებარე ქალაქი დალი (Dali) გადამწვარი ტექნოლოგიური პროფესიონალებისა და სტარტაპერების თავშესაფრად იქცა. თუმცა, დღეს ყურადღებას არა ჩინეთის ტურისტულ მიმზიდველობაზე, არამედ აპლიკაციაზე გავამახვილებთ, რომელიც ადგილობრივების ყოველდღიურობას სრულად ცვლის.

დასავლეთში ლოკაციების აღმოჩენა სრულიად განსხვავებულად მუშაობს, ვიდრე ჩინეთში და ამის მთავარი მიზეზი აპლიკაცია Xiaohongshu-ა (რომელიც ჩინეთის ფარგლებს გარეთ ცნობილია, როგორც RedNote).

ამერიკელი ანალიტიკოსები Xiaohongshu-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ჩინურ Instagram-ს“, თუმცა ეს შედარება პლატფორმის რეალურ შესაძლებლობებს აკნინებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები აქაც აზიარებენ ესთეტიკურ ფოტოებს, აპლიკაცია ძირითადად მუშაობს, როგორც მძლავრი ძიების ძრავა (discovery engine), რომელიც ინტეგრირებულია რუკის ყოვლისმომცველ ფუნქციონალთან.

ინტეგრირებული რუკა და ლოკალური აღმოჩენები

Xiaohongshu-ში მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ მოძებნონ რესტორნები, კაფეები, მაღაზიები თუ ღირსშესანიშნაობები. აპლიკაციის ჩაშენებული რუკა პოსტების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით დათვალიერების საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ მომენტალურად ხედავთ, რაზე საუბრობენ თქვენ გარშემო და იღებთ ზუსტ ნავიგაციას სასურველ ლოკაციამდე.

Instagram-ისგან განსხვავებული მიდგომა

Instagram-ისგან განსხვავებით, სადაც კონტენტი ხშირად მხოლოდ შთაბეჭდილების მოსახდენად იქმნება, Xiaohongshu მაქსიმალურად პრაქტიკულია. კრეატორები ფოტოებთან ერთად აზიარებენ მეტროს მარშრუტებს, ზუსტ მენიუს, დეტალურ ბიუჯეტსა და რჩევებს. პლატფორმაზე მოქმედებს გამოცდილების გაზიარების ძლიერი კულტურა: „აი, როგორ შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ თქვენც“ ნაცვლად მიდგომისა „შეხედეთ ჩემს მაგარ ცხოვრებას“.

მეტი ვიდრე სოციალური ქსელი

ჩინური სოციალური მედიის ჰიტი ე.წ. „City walks“ გახდა — უცნობების მიერ შედგენილი თემატური მარშრუტები, რომელთა დახმარებითაც უცხო ქალაქის დათვალიერება სრულფასოვნადაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ტოქსიკური ინფლუენსერ-კულტურა ჩინეთშიც არსებობს, Xiaohongshu ინარჩუნებს თავის მთავარ ღირებულებას.

დასავლეთში სოციალურ მედიას განიხილავენ, როგორც ყურადღების, გავლენისა და რეკლამის ძრავას. Xiaohongshu-ც ასრულებს ამ ფუნქციებს, მაგრამ ის ასევე იქცა საჯარო ინფრასტრუქტურად — თანამედროვე ჩინური ცხოვრების ნავიგაციისთვის შექმნილ, მუდმივად განახლებად ოპერაციულ სისტემად.

წყარო: wired.com