
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადადო აღმასრულებელი ბრძანებულების (executive order) ხელმოწერა, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევდა, შეეფასებინა ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელები მათ საჯარო გამოშვებამდე.
ტრამპის განცხადებით, იგი უკმაყოფილოა ბრძანებულების ამჟამინდელი ფორმულირებით: „მე არ მომეწონა მისი გარკვეული ასპექტები“, განუცხადა მან თეთრი სახლის პრესკორპუსს. „ჩვენ ვუსწრებთ ჩინეთს, ვუსწრებთ ყველას და არ მსურს გავაკეთო ისეთი რამ, რაც ხელს შეუშლის ამ ლიდერობას“.
არაოფიციალური მიზეზი კი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, არის ის, რომ ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა (CEOs) მოკლე დროში ვერ მოახერხეს ვაშინგტონში ჩასვლა. ბრძანებულების ხელმოწერის ცერემონია კი ტრადიციული ფოტოსესიის გარეშე ნაკლებად წარმოადგენდა ინტერესს.
დაგეგმილი აღმასრულებელი ბრძანებულება ავალდებულებდა კიბერუსაფრთხოების ეროვნული დირექტორის ოფისსა და სხვა უწყებებს, შეემუშავებინათ AI მოდელების უსაფრთხოების შეფასების პროცესი მათ გამოშვებამდე. ეს ნაწილობრივ განპირობებულია Anthropic-ის Mythos-ისა და OpenAI-ის GPT-5.5 Cyber-ის გამოსვლით გამოწვეული შეშფოთებით, რადგან ორივე მათგანს შეუძლია სწრაფად აღმოაჩინოს და გამოიყენოს უსაფრთხოების ხარვეზები.
CNN-ის ინფორმაციით, ბრძანებულების ტექსტის ერთ-ერთი მთავარი სადავო პუნქტია მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც AI კომპანიებს მოუწევთ მოწინავე მოდელების მთავრობისთვის გაზიარება მათ ოფიციალურ გაშვებამდე 14-დან 90 დღით ადრე.
ტრამპმა აღნიშნა, რომ არსებობდა საშიშროება, რომ ბრძანებულების დღევანდელი ფორმულირება ტექნოლოგიური განვითარებისთვის „ბლოკერი“ ყოფილიყო.
წყარო: techcrunch.com







