
15-წლიანი მმართველობის შემდეგ, სექტემბერში Tim Cook Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოსტს ტოვებს. მის ადგილს ჯონ ტერნუსი (John Ternus) დაიკავებს.
TechCrunch-ის პოდკასტ Equity-ში ანალიტიკოსებმა გააანალიზეს კომპანიის ტრანსფორმაცია 2011 წლიდან (სტივ ჯობსის წასვლის შემდეგ) და ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც ახალი ხელმძღვანელის წინაშე დგას.
ოპერაციული სისტემა, როგორც მთავარი პროდუქტი
„ბევრი მიიჩნევს, რომ ჯონ ტერნუსი პროდუქტზე ორიენტირებული ლიდერია, რაც სტივ ჯობსის ეპოქის ნოსტალგიას აღვიძებს. თუმცა, ხშირად ავიწყდებათ, რომ ტიმ კუკმა შექმნა სრულიად განსხვავებული 'პროდუქტი' — უნაკლო ოპერაციული სტრატეგია, რომელმაც მთელი ეკონომიკები შეცვალა," — აღნიშნავს კირსტენ კოროსეკი. მთავარი კითხვა სწორედ ის არის, თუ ვინ შეავსებს ამ სიცარიელეს სტრატეგიული და ოპერაციული ოსტატის წასვლის შემდეგ.
იდეალური სასტარტო პირობები
კუკმა ტერნუსს უძლიერესი სასტარტო პირობები შეუქმნა. Apple-ის ფინანსური მაჩვენებლები მუდმივად იზრდება, სერვისების ბიზნესი და App Store კი რეკორდულ შემოსავალს აგენერირებს. მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ის დიზაინი ბოლო თაობებში რადიკალურად არ შეცვლილა, კომპანიის ბიზნეს-მოდელი ულტრა-სტაბილურია.
სამომავლო გამოწვევები: AI და ახალი კატეგორიები
აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დატოვების შემდეგ, კუკი აღმასრულებელი თავმჯდომარის (Executive Chairman) პოზიციაზე გადაინაცვლებს და კომპანიის ერთგვარ ფარად დარჩება გარე ძალებთან, მათ შორის პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობაში. თუმცა, ახალ CEO-ს მოუწევს ისეთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა და AI ტექნოლოგიების სწრაფი აღზევება.
ამჟამად Apple-ის აპარატურული და სერვისების ბიზნესი მყარია, მაგრამ საინტერესოა, დაჭირდება თუ არა მას ახალი პროდუქტების კატეგორიის შექმნა. 2025 წლის ბოლოსთვის კომპანიას 45 მილიარდ დოლარზე მეტი ნაღდი ფული (cash) ექნება. მთავარი ინტრიგა ახლა ისაა, გამოიყენებს თუ არა ჯონ ტერნუსი ამ რესურსს მსხვილი სტრატეგიული გარიგებებისა და თამამი ტექნოლოგიური ნაბიჯებისთვის ახალ, AI ეპოქაში.
წყარო: techcrunch.com







