სოციალური გეიმინგ პლატფორმა Rec Room, რომელიც ოდესღაც $3.5 მილიარდად შეფასდა, იხურება

Rec Room, რომელიც სოციალური გეიმინგის სამყაროში პერსპექტიულ გიგანტად ითვლებოდა, ორშაბათს გამოაცხადა, რომ 1-ელ ივნისს პლატფორმის დახურვას გეგმავს.

წლების განმავლობაში პლატფორმამ 150 მილიონზე მეტი მოთამაშე მიიზიდა და სოციალური გეიმინგისთვის ერთ-ერთ მთავარ სივრცედ იქცა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში.

2016 წელს Nick Fajt-ისა და Cameron Brown-ის მიერ დაფუძნებულმა Rec Room-მა მნიშვნელოვანი ყურადღება და ინვესტიციები მიიზიდა, რის შედეგადაც 2021 წლის დეკემბერში კომპანიის შეფასებამ $3.5 მილიარდს მიაღწია.

მიუხედავად მომხმარებელთა დიდი რაოდენობისა, კომპანიამ სტაბილური მონეტიზაციის მოდელის შექმნა ვერ შეძლო. ხარჯები გაიზარდა, შემოსავლებმა კი ზრდის ტემპს ვერ აუბა მხარი. მიუხედავად მყარი საზოგადოებისა და თამაშების შესაქმნელად ისეთი ახალი ფუნქციებისა, როგორიცაა Maker AI, ფინანსური სირთულეების გამო კომპანიას მიმდინარე წლის დასაწყისში მასობრივი გათავისუფლებების განხორციელება მოუწია.

„დიდი დრო დავხარჯეთ იმისთვის, რომ ფინანსური მოდელი დაგველაგებინა,“ — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. „თუმცა, VR ბაზარზე ბოლოდროინდელი ცვლილებებისა და გეიმინგ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების ფონზე, მომგებიანობის მიღწევა იმდენად გართულდა, რომ მივიღეთ მძიმე გადაწყვეტილება პლატფორმის დახურვის შესახებ.“

ამიერიდან ახალი ანგარიშების შექმნა და მეგობრობის მოთხოვნების გაგზავნა შეუძლებელია. შემქმნელები მონეტიზებული კონტენტის გაზიარებას ვეღარ შეძლებენ, ხოლო პლატფორმა 1-ელ ივნისს, წყნარი ოკეანის დროით (PT) 12:00 საათზე ოფიციალურად გაითიშება.

წყარო: techcrunch.com