საფრანგეთის საზღვაო ძალების ოფიცერმა Strava-ზე სირბილის დაფიქსირებით ავიამზიდის ლოკაცია შემთხვევით გაამჟღავნა

საფრანგეთის საზღვაო ძალების ოფიცერმა ავიამზიდ Charles de Gaulle-ის გემბანზე ირბინა და თავისი ვარჯიში Strava-ზე ატვირთა, რითაც შემთხვევით გაამჟღავნა ატომური ძრავის მქონე სამხედრო გემის ზუსტი ადგილმდებარეობა ახლო აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე.

როგორც ფრანგული გამოცემა Le Monde იუწყება, ეს შემთხვევა არ არის ანომალია — პოპულარული ფიტნეს-აპლიკაცია წარსულშიც არაერთხელ გამხდარა კონფიდენციალურობის დარღვევის მიზეზი.

ნაგულისხმევი პარამეტრებით (by default), ამ სოციალურ ფიტნეს-აპლიკაციაში ანგარიშები საჯაროა და ვარჯიშის დაფიქსირებისას თქვენს მარშრუტს აქვეყნებს. Strava-ს მონაცემები წარსულშიც გამოიყენებოდა მსოფლიოს მასშტაბით სამხედრო ბაზების დასადგენად. 2024 წელს Le Monde-მა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადგილსამყოფელი სწორედ მისი მცველების Strava-ს ანგარიშების მოძიებით დაადგინა, რომლებიც მასთან ერთად მოგზაურობისას ვარჯიშის მონაცემებს საჯაროდ ტვირთავდნენ.

მაკრონს ავიამზიდის განლაგების შესახებ საჯაროდ ჰქონდა გამოცხადებული, ამიტომ მისი გადაადგილება ხმელთაშუა ზღვაში უკვე ცნობილი იყო. თუმცა, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები კვლავ სერიოზული რისკის ქვეშ დგება, როდესაც ოფიცერი მის ზუსტ კოორდინატებს აქვეყნებს. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოფიცრის ქცევა არ შეესაბამება მოქმედ გაიდლაინებს, რის შესახებაც მეზღვაურები რეგულარულად არიან ინფორმირებულნი.

ეს შემთხვევა კარგი შეხსენებაა ყველასთვის: მაშინაც კი, თუ სამხედრო სამსახურში არ ხართ, უმჯობესია თქვენი Strava-ს ანგარიში დახურულ (private) რეჟიმზე გადაიყვანოთ, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი რისკები.

წყარო: techcrunch.com