
სილიკონის ველის წამყვან კომპანიებში (LinkedIn-ის თანადამფუძნებელი, PayPal-ისა და OpenAI-ს დირექტორთა საბჭოს წევრი) სამი ათწლეულის გატარების შემდეგ, რეიდ ჰოფმანმა ყურადღება ჯანდაცვის სექტორზე გადაიტანა.
ჰოფმანის startup-ი, Manas AI, ქმნის AI ძრავს, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის სიმსივნის სამკურნალო პრეპარატების აღმოჩენის ტრადიციულად ნელი პროცესის დაჩქარება. კომპანიის მისიაა წამლების შექმნის ათწლიანი პროცესი რამდენიმე წლამდე შეამციროს.
თუმცა, გენერაციული AI-ს მიმართ ჰოფმანის ენთუზიაზმი ბევრად შორს მიდის. მას მიაჩნია, რომ ე.წ. frontier მოდელები (OpenAI-სა და Anthropic-ის მასშტაბური AI მოდელები) ჯანდაცვის ქვაკუთხედი უნდა გახდეს. თუ ექიმი ხართ და მეორე მოსაზრებისთვის არ იყენებთ ერთ ან მეტ მოწინავე მოდელს, ჩემი აზრით, თქვენ სამედიცინო შეცდომის ზღვარზე ხართ, განაცხადა მან ლონდონში გამართულ WIRED Health ღონისძიებაზე.
მსგავსი განცხადებები ბევრ ექიმს აღაშფოთებს, რადგან მსხვილი ენობრივი მოდელების (LLM) მიერ არაზუსტი ინფორმაციის გაცემის რისკები კვლავ მაღალია. მაგრამ ჰოფმანის არგუმენტით, ადამიანებმა AI უნდა გამოიყენონ როგორც დამატებითი საინფორმაციო წყარო არასწორი დიაგნოზის თავიდან ასაცილებლად და არა კრიტიკული აზროვნების ჩასანაცვლებლად.
ჯანდაცვის სისტემებში არსებული კრიზისისა და ექიმების დეფიციტის ფონზე, ჰოფმანი ხედავს დიდ საჭიროებას, შეიქმნას უფასო სამედიცინო ასისტენტი (LLM) ყველა სმარტფონში, რომელიც ექიმთან ვიზიტამდე პირველად ტრიაჟს განახორციელებს.
Manas AI-ში ადამიანის განსჯა კვლავ მთავარ როლს თამაშობს, თუმცა ჰოფმანი მიიჩნევს, რომ 10 წელიწადში ყველა ძირითადი დაავადებისთვის იარსებებს მიზნობრივი მოლეკულები, რომელთა აღმოჩენაც AI ძრავების მეშვეობით ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდება.
წყარო: wired.com







